ნიკა მელიას გასათავისუფლებლად პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს – ადვოკატი

ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდის შემდეგი სამართლებლივი ნაბიჯი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაა, – ამის შესახებ CNews-ს ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.

კონდახაშვილმა განმარტა, რომ მელიას საპყრობილიდან გასათავისუფლებლად სამართლებლივი პროცედურების განხორცილებაა საჭირო, რაც სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მოხდება.

,,პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღინისძიების გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით”, – განუცხადება CNews-ს ნიკა მელიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ: ევროკავშირმა ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გასათავისუფლებლად გირაოს თანხა – 40 000 ლარი დღეს, 8 მაისს ჩარიცხა.

„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება ბ-ნ მელიას სასარგებლოდ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით:

დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share