უხუცესი ბახველების მოგონებები – ნადი, ღომი, ყანა და ასე შემდეგ

გურიის შესახებ ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანწერებიდან 

10.10.1958 წელი სოფელიზედა ბახვი; მთხრობელი: ბეჟან სამსონისძე ჩიტაიშვილი 80 წლის

ჩიტაიშვილები აქ 7-8 მოსახლეა ზედა ბახვში. ბაბუაჩემი ცოლშვილით მოუტაცნიათ აჭარლებს და დოუსახლებიათ იმათ უჩანბაში. მერე დოუვალებიათ ბაბუასათვის კარის კაცობა უნდა გვიქნა, უნდა წაგვიყვანო ისეთ სოფელში, სადაც სკელი მოსახლეობაა და უნდა წამოვიყვანოთ ხალხიო. მერე იქედან წამოვიდა ბაბუაი და სუფსის წყალთან, რომ მევიდნენ, უთხრა იმ ხალხს გაღმა არის სკელი სოფელი. ჩაცვიდნენ ბეგები წყალში და 2/3 დეიხრჩვენ შით, დიდი წყალი იყო იქ. ბაბუამ დამხრჩვალი ვინ გადარჩა მოკლა და გამოიქცა ბახვს ისთევლე. ბახვს სენაკი, რომ იყო (10-12 სენაკი იყო) თათრებმა ის სენაკი დაწვეს. ბაბუაჩემი იმ სოფელში აღარ წესივლებოდა და ცოლშვილი დატოვა იქ. მერე მეორე ცოლი ძიმითიდან შეირთო და აქ ბახვში დასახლდა ისევ.

აქ ძველათ მოყავდათ სიმინდი, ღომი, ჭვავსაც თესავდნენ, ხანჭოლას (რომელიც უნდა მოიხარშოს და ერთი კვირა მოხარშულ წყალში უნდა გქონოდა, მერმეთ მარილწაყრილი იჭმება), ფეტვი, შვრია, ჭადისჭადი.

სიმინდი ორი იყო საადრეო და საგვიანო, თეთრ სიმინდა ამერიკულს ეძახდნენ. უმალი წვიტკაკალა ყვითელი სიმინდი იყო. საადრეო იყო ორივე სიმინდი, წვიტკაკალა და ისე თეთრი არა ამერიკული. ამერიკული კი საგვიანო იყო.

სიმინდი ითესებოდა მაისში – აპრილში ძველი სტილით, ნასესხებს უძახოდენ მარტი 3 დარჩებოდა და 3 აპრილი, მერე ყოლთვინა შეიძლებოდა თესვა, კვიმატ და წარმოს უძახოდნენ დღეებს, თესვა უნდა დაწყებულიყო წარმო დღეზე. წარმო დღე იყო გამოთვლილი, მე მაგის გამოთვლა არ ვიცი. ისე უფრო ხუთშაბათი, სამშაბათი და შაბათი იყო. იმ დღეს ოჯახიდან აფრაფერს არ გასცემდნენ ხელს გადაყობა ნამუშიერიო, უბარაქო იქნება ნამუშიერიო.

ნადი მარგვლის დროს იცოდნენ. ნადს 20-30 კაცს მოიყვანდნენ; დაპატიჟებდნენ მეზობლებს ისინი თავისი თოხით მევიდოდენ ოჯახში და იქედან წევიდოდნენ ყანაში. იმათ ვაზაკუსკებდით, ზაკუსკაში შედიოდა: ყველი, ჭადი, თევზი, იაფოფხი (ღომი დაფქვილი, რომელსაც გამოაცხობდნენ თხლათ და ზედ წააყრიდნენ ყველას, რომელიც გეერთვება შით. ეს ცხვებოდა კეცში ღომისგან). ნადის წევრებს ღვინოსა და არაყს ვასმევდით. დეილოცებოდა უფროსი კაცი, ბარაქიანი იყოს ჩვენი დღევანდელი მუშაობაო, კაი ნამუშევარი მოსულიყოსო. მერე წევიდოდნენ ყანაში მწკრივში დადგებოდნენ და ნადის თავი ყავდა, ის ხელმძღვანელობდა აქეთ მოუხვიოთ, მოვუხვიოთ, აი ნაპირი ამხელა არ უნდა, სიმღერა ვთქვათო იტყოდა, ნადურს ვმღეროდით, ზეით იმერეთში ყანურს იტყვიან. ნაპირს მიყვებოდნენ, აი ნაპირი გევიტანოთო, მაგალითად ხეებს შორის არის ერთი ნაპირი. ერთი არის მენაპირე, ის კიდეშია, უთოხნავი მხარის კიდეში და იჭერს მიმართულებას. მიყობა ასე და ჩამოყობა მერე. იყო შემთხვევა ზოგს 70 კაცი ყავდა და 15 უღელი ხარი. იმ დღეს თოხნიდნენ, ხნავდნენ და თესდნენ, იმდენი გვიმრის ძირები იყო, რომ არ მოგეთოხნა არ შეიძლებოდა. რაც იმ დღეს დაიხარჯა სულ არ ღირდა ის ყანა იმ ფასად.

ტეხა კრეფაზე ნადი ვიცოდით. სამაგიერო დახმარება ვიცოდით ნადიზა, ნადი ფულით არ იცოდნენ. ერთ კაცს დავავალებდით მომიყვანე ნადიო, ამა და ამ კაცს ნადი შევუკვეთეო. ახლა იგი სირცხვილში შევიდოდა 10-20 კაცს მოიყვანდა. ეტყოდა ხალხს ამა და ამ კაცმა ნადი შემიკვეთა და უნდა წამომყვეთო. ამ კაცს ნადის თავი ქვიოდა და ვახშამზე მას გოჭის თავს მიუტანდნენ.

ყველა ჭირნახულს, რომ დააბინავებდა კაცი ყანის თავს გადაიხდიდა. დაკლავდა ძველ მამალს, ოჯახის უფროსი. იმ დღეს გარეცხილ ღომს დაფქვავდნენ, მოზელდნენ და წამოადუღებდნენ, შით ჩართავდნენ ძალიან ბევრ ყველს და მერე გამოაცხობდნენ კეცში. ერთი დიდი იყო ტაბლა ქვიოდა, ამ გამოცხობილს სუფრაზე დაჭრიდნენ. ის ტაბლა უსათუოდ ყველას უნდა ეჭამა. ყანის თავს თითოული ოჯახი იხდიდა, ილოცებდნენ. სადაც კომლი ამოდიოდა ყანის თავი იხდებოდა. ეს მოსავლის დალაგების მერე იცოდნენ, დეილოცავდნენ – ღმერთო წრევანდელი ნამუშევარი ლხინში, ნათვლაში, ქორწილში, ბედნიერებაში შეგეჭამოთო.

სიმინდის დაფშვნა ვიცოდით ტუკით. მარტის თვეში გააგებდნე ქვეშ მეშოკებს, ევიდოდა ზევით ხალხი. ამორჩეული იყო სათესლე სიმინდი და ტუკით დოუწყებდნენ ცემას, კაკალი მოციოდა ძირს, სიმინდი ნალიაში იცემებოდა. ნაგულა ზეით რჩებოდა. ოთხი ხუთი კაცი ტუკით ცემდა სიმინდს.

უყი – მოვკაფავდით ხეტყეს, ბარდს, ეკალს, წალდით ცულით მოჭრიდნენ ამას, იყო ისეთი ადგილები რომელიც შეშათ ვარგოდა წამევიღებდით, რომელიც არ ვარგოდა იქ დავწვავდნენ, ცეხლს რამდენიმე ადგილზე დაანთებდნენ. ნაგომარზე გვაქვს ადგილები და იქ იმხელა კადინას – ცეცხლს დაანთებდნენ, რომ დეიწობოდა ყოლისფერი. კადინა დიდ ცეცხლს ქვია.

კაპეტი ყანა – უფრო ძველია. უყი 10-15 წინათ შეიძლებოდა ყანათ ყოფილიყო, კაპეტი კი სულ არ ყოფილა ყანათ. ამაზე ღომი არ დეითესებოდა, იმას უნდა გაწმენდილი მოჩირკული, მოტეხილი ყანა, რომ სუფთად დეთესოს. 4-5 წელიწადს, რომ სიმინდი დეთესება მერე შეიძლება ღომი დეითესოს. ღომს მაღალი მშრალი ადგილი უნდა, სობელში ვერ იხარებს ის. ეწერ ადგილებში ითესებოდა ღომი. აქ ეწერი გვიმრიანი ადგილები იყო, იმ ადგილზე ორ წელიწადს დავთესავდით სიმინდს, მესამეს ღომს.

სიმინდის თესვას, რო მოვათავებდით, მერე ვთესავდით ღომს. ეს დახლოებით მაისში  იყო. თესვა ძველ მთვარეზე იწყებოდა. ღომს ჯერ დათესავენ და მერე თოხნიან. როდესაც მოხნავენ ცდილობენ ღრმათ არ მოხნან, როდესაც მოხნავენ მერე გაამერულებენ ფოცხით, რომელიც მიწას ასწორებს, ბალახებს მაღლა ამოყრის, რომ გახმეს. ორ-სამ დღის მერე დაფოცხავენ. მერული სამპოტიკი ხის იარაღია. მერე დაფოცხილს დაწვავენ. ღომს მოპნევით თესავენ, იმის დათესვა ყველას არ შეეძლო, მთესველი დახელვანებული უნდა ყოფილიყო. მიწას ასერელავ თვალით, კავი არ გავს და რითი ასრელავ. ერთ ქცევაზე უნდა დაახლოებით ნახევარი ფუთი ჩხოი.

აქ ითესებოდა ბევრი ღომი: ბობოყვაის, თეთრი ღომი, ყვითელი ღომი, მათრახა ღომი; ბობოყვაის თაველი დიდი ჰქონდა, შით კუბარებს ვეტყოდით იმაში იყო კაკლები. კუბარების ნაწილები დიდზე იყო გაამპარტავნებული და შესხმული იყო დიდვანეთ თავთავზე. ეს ყვოთელი ღომი იყო. გამოსავალი მეტი ჰქონდა, მაგრამ გამუა მწიფე რომაა მაშვინ. ნამეტანი არ უნდა აცალოთ თორემ დაცვივა კეკლები. მოკრეფის წინ ეირჩევა დიდვანი თავთავი, გეიხედავ შით იცნობ აგია სათესლეო. დიდვანი თავთავი დაზნექილია მიწისკენ, ყანაში უნდა ეირჩეს იგი. იმას ღეროს გრძელს დაუტოვებ, მოჭრი ასე და დეიწყობ კლავზე. ყელი რომ აქვს ხელის მოსაკიდი დეიწყობს და აარჩევს. მერე ჯიღს, რომ აგიმსებს იმდენს შეკრავენ გაყოფენ ორათ და დაკიდებენ.

ღომი მოდის წიფობის თვეში, ღომს კრეფენ უბრალო რკინის დანით, უმალ გათლილი ჯოხითაც კრეფენ. ღომს მოჭრიდნენ იქ სადაც გათავდებოდა თაველი და კალათაში ჩაყრიდნენ, მოხეაგე გოდრით დეიარებოდა  და ჩოუყრიდნენ იმას გოდორში. გოდორი ზურგით დააქვს და კალათი პატარაა უფრო და მიწაზე დევს. იმ გოდორს დადგამ ურემზე ან ჩაყრიდი პირდაპირ ურემში და თუ ახლო იყო წეუღებდნენ და დაყრიდნენ ნალიაში. მერე ღომი უნდა გააწყო, ნალიას პატარა ჭერები აქვს, რომელზეც დაყრიან ღომს შამობურდნავენ ზეით, ქვეით ჩალით – ღომის ჩალით. ღომი ჭერებზე ნახევარ არშინზეა დაწყობილი. მერე შეუნთებენ ქვევიდან ცეცხლს. ცეცხლი ნელაი უნდა იყოს, ცეცხლი არ ითქმება თორემ დეიწობა ნალიეო ასე იბრძნიან, იტყვიან ნელი მინდა ამეღამ დოუდვა ღომსო. მერე დიდვანი ნაპობი შეშებით გააკეთებენ ორ ადგილას სიგრძეზე და ამ პალენას ყველგან მეეკიდება. ბობლი შეშა იყო, შეხავრებული შეშაა საჭირო, შემპალი – დიდი ხნის მოჭრილი, ბებერი შეშა, ასეთ შეშას კარგათ მოეკიდება, ღომს ფუტიანი შეშა უნდა, მისთვის ფუტია საჭირო. შიგ ამ ნალიაში, ერთ თავში დენა ერთი დიდი ჩახანა წყალი, ისე მეორე ვედრით ქვევით, შით დენა ჯამი. ახლა პატარა ცეცხლი თუ მაღლა დოურჩა მაშვინ ამ ჯამს წამოკრავს ხელს და შეასხამს წყალს და გაანელებს უფრო. ეს ცეცსლი 5 – 6 საათი ანთია. მერმეთ დამთავრება რაით შეეტყობა, რომ დეიწყეს ცეცხლის შენთობა ჟვეროს დაადობენ ღომზე, თუ გახმა იგი გამომწყვარია ღომიც. ნამეტანი სქლათ თუ აწყვია ღომი იმას გადატრიელება სჭირდება. იმას ნელათა აღება უნდა, უნდა გაცივდეს და ისე უნდა აიღო. სათესლე ღომს მუჭკა ქვია, იგი ზეთ აწყვია ნალიაში იმის თავზე უნდა გამოწყვეს იგიც. გამოუწყვებელი ღომი დალპება. ზეით გოდრებში ჩააწყობენ ღომს და მერე ბეღელშ შეყრიან და წრიხით მოზელავენ.

გასაცხვავი ღომი კიდო უნდა გაწყვეს. გაწყობა ლასტზე იციან. ლასტი ჩამოკიდებულია ოჯანჯალებზე ოთხი მხრიდან, ოჯანჯალა დვიროზეა ჩამოკიდებული, იმაზე დაყრიან ორ გორიცას, ლასტი დიდია. ზოგჯერ ის ცეცხლზე ორი საათი იქნება ან ოთხი, იმასაც ნელი ცეცხლი უნდა. ახლა რომ ჩამოიღებენ ღომს დაყრიან დახვეტილ მიწაზე და დაარტყამენ ტუკს, დარტმის დროს იძხიან ზაპ, ზაპ-ს, უმეტესობა ქალი აკეთებს ამ საქმეს. ამ დროს მოშორდება კიბარი და კეკალი ერთმანეთს, მერე ვაცლზე დააყრიან და კაბის კალთას უნიავებს, მას ერთი ქალი აკეთებს. ღომი იმფერად გაცქრიალდება, რომ ლეწმის კეკალივით გახდება, დააგროვებს მეშოკში, მერმეთ წეიღებს ჩამურზე.

ჩამური ვიცოდით ფეხისაც და წყლისაც, მაგალითად ღომობაზე ფეხის ჩამური იცოდნენ უფრო, ფეხის ჩამური ქვისაც იყო და ხისაც.  ფეხის ჩამურს ქონდა ფეხის დასაკრავი, ღომის დასანაყავს წირის თავი, ის ხის იყო. გვქონდა კიდო მოსარევი ჯოხი ცეხვის დროს. ჩამურზე შედგებოდა ქალი, რომელსაც ხელი მოკიდებული ჰქონდა ჯოხზე, რომელიც „სტოლბებზე“ იყო გადებული, ამ დროს იძახოდნენ სა-სა-ს, ერთი მეორეს ეცლებოდა ორი სამი ქალი. ახლა რო შეიყენებს ნაგავს – ნახორს მაშვინ ვარცლზე გადაანიავებდი, მერე კიდო ცეხვდი. მეორე მცეხვაზე ბრეს შეიყენებდა, პირველ დაცეხვას დარბინვა ქვია.

მეორე გაცეხვის დროს თავისუფლდება კაკალი, ბრეც განიავდებოდა მეორეჯერ უფრო ჩქარა იცეხვებოდა. გადარეკავდნენ იმ ღომს კაბით და მზათ იყო. მერე ჩაყრიდნენ კარდალში, გარეცხდნენ ბევრჯერ, ანკარა წყალი უნდა დადგომოდა, ისე იხარშებოდა. მოხარშვას ზომიერი ცეცხლი უნდოდა, თუ კაი ცეცხლი არ ქონდა და მაგარი ცეცხლი ქონდა, დეიკრავდა ღომი და გაფუჭდებოდა – მოხრაკულ სუნს მისცემდა.

 

12.10.1958 წელი სოფელიქვედა ბახვი; მთხრობელი: ალიოშა ხარიტონის-ძე დოლიძე 44 წლის

 

ფეხის ჩამური – აიღებენ ჩამურს დარგვენ მიწაში, ჩამური ქვისაა გამოთლილია ხელოვნურად, მაგარი ქვა უნდა იმას. ქვას თლიდენ უმეტესად ვანში – იმერეთში. ბოლო ჩამურს აქვს ვიწრო, თავი ფართო და გული ამოკაფული აქ. გააკეთებენ წირის თავს, რომელიც გაყრილია ფიცარში პერპენდიკულარულად, ფიცრის სიგრძე იქნება მეტრანახევარი, ამ ფიცარში წირისთავიდან დაცილებული 1 მეტრზე გაყრილია ლილვი ღერძი, ღერძის უკანა მხარე არის დახლოებით 40 – 50 სანტიმეტრი, ლილვი დამაგრებულია მოძრავათ ორ ბოძზე, რომელიც მიწაშია ჩასმული. ამ ბოძის გული ამოკაფულია.

პირველათ მონდოგვა ხდება, როცა გამოვა პირველი ქეჩხოდან, მონდოგვის მერე ანიავებენ და აცილებენ მთავარ ქეჩხოს, მონდოგვილ ღომს ამოიღებენ და დაყრიან ვარცლზე, და მაშვინ მოხინწკავენ ქეჩხოებს. ამის შემდეგ მარცვლებს აქვთ გარეთა წვრილი გარსი ნახორი. მას ჩაყრიან განმეორებით  ჩამურში და ცეხვავენ მანამდე სანამ სუფთა მარცვალი არ იქნება. ღომს ხელისგულზე სინჯავენ,  ხელის გულზე ევიღებთ ერთ ჭაჭვს გადავუბერავთ და როცა, რომ სუფთა მარცვალი გამოჩნდება ვიტყვით, რომ გაცეხვილიაო. მეორე ცეხვა უფრო დიდხანს უნდა, რადგან ღომს მაგარი გარსი აქვს და ის გარსი უნდა მოსძვრეს.

ანტონ გოგიაშვილის გრაფიკული ნამუშევრები

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share