გელაკუნა, იგივე გელა, იგივე დღევანდელი მამა დავითი, ჩემი მამიდაშვილი, რომელსაც და სოფელ ზემო სურების ამდაგვარ აივანს, სადაც ახლა ვდგავართ, ჩემი ბავშვობის ზაფხულები გულისხმობენ – ნალიის თავზე ორი გამოგონილი კაცით – ოჩილარა და ოხლიჩარათი, მრუდე გზებით – რიკი ტიკი ტავი რომ დავარქვით, ქაღალდის გემებით და ხის ჯარისკაცებით, ციცინათელების თვლით და ვარსკვლავების თვლითაც, შუაცეცხლით თვალდასიებული ქუხნით და სუფსიდან ამოპარული სიგრილით, რომელსაც ახლა, სულაც რომ შუა წყალში ჩაწვე, ვეღარ იგრძნობ და იცნობ, რადგან ის ამბები მხოლოდ ბავშვობაში ხდება და მერე კარს რომ ვურაზავთ, თვითონაც ზურგს გვაქცევს. ისე გადაკარგულში მიდის, უცებ რომ მოგინდეს, გადევნებსაც არ აქვს აზრი. უბრალოდ ასე, შორიდან თუ გაუღიმებ.