გურია „კოსმეტიკური“ საკადრო ცვლილებების მოლოდინშია. გურიის ახალმა გუბერნატორმა პირველი მოადგილე უნდა დანიშნოს, რომლის თანამდებობა რამდენიმე თვეა ვაკანტურია. არსებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას მოქმედი მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი უმიზნებს, რომელსაც რიგითი მოადგილეობა არ აკმაყოფილებს და ვიცე გუბერნატორობის ამბიცია გაუჩნდა.
ჩვენი წყაროს თქმით, მან უკვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და საკუთარ მფარველებს, რომელთა დიდი ნაწილი, წყაროსვე თქმით, სუს-ის მაღალჩინოსნები არიან, უკვე მოახსენა. ქეთი მოისწრაფეშვილი გურიის გუბერნატორის მოადგილედ მეექსვე წელია მუშაობს…. ვერ ვიტყვით, რომ გურიას მან თავი რაიმეთი დაამახსოვრა, თუმცა, მის „ანგარიშზე“ უკვე ექვსი გუბერნატორია.
როგორც გვეუბნებიან, მოისწრაფეშვილმა „განსაკუთრებული კვალი“ ბოლო ორ გუბერნატორს _ ზურაბ ნასარაიას და გიორგი სახოკიას დაატყო და ორივე მათგანის „საკუთარ რელსებზე ტარებაც’ შეძლო, ახლა კი, ახალს დაადგა თვალი: _ ბოლო წლებში სულ თავაწეული დადის და მის ჭკუაზე დაატარებს გუბერნატორებს. ახლა, 5 დღის დანიშნულ გიორგი ურუშაძეს, რომელიც ჯერ გურიის სინამდვილეში ვერც კი ერკვევა, დედოფალივით დაყვება და ქვეყანა მისი გონია. ისე, რატომაც არა… რაც უნდა იმას აკეთებს და პასუხსაც არავინ სთხოვს და კი ექნება გურიის დედოფლობაზე პრეტენზია, _ გვეუბნება გუბერნიის ერთ-ერთი თანამშრომელი. დანარჩენები გვიყვებიან, რომ მოისწრაფეშვილის „გადიდქალება“ ე.წ. „თალიბანად“ ცნობილი, ყოფილი შს მინისტრის ჭიკაიძის დამსახურებაა, რომელიც მის მეუღლესთან, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, ბესო ბოლქვაძესთან მეგობრობს.
სწორედ ჭიკაიძის დახმარებით მოხდა ამ ოჯახური კლანის აღზევება და აგერ უკვე მეექვსე წელია, ორივე ცოლ-ქმარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათასობით ლარი პენსიასავით, როგორც გურიაში ამბობენ, არაფრის კეთებაში იღებს. ამავე დროს ირკვევა, რომ მოისწრაფეშვილმა თანამდებობა გასამდიდრებლადაც გამოიყენა, რაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხდა. 2016-2017 წლის აუდიტის დასკვნაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აუქციონის წესით, ზღვისპირა ზოლში გაცემულ რამდენიმე მიწას ეხება, გარკვევით წერია, რომ „ადგილი ჰქონდა საეჭვო გარიგებებს“. დაკსვნაში კონკრეტული გვარებიც და უფრო მეტიც, გურიის გუბერნატორის მოადგილის ქეთევან მოისწრაფეშვილის ოჯახის წევრების მიერ გახორციელებული შესყიდვა. უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს და ერთ ნაწილში, ერთ კვადრატულ მიწის ნაკვეთში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი. _ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდებოდა და შემოსავალი არც მის ძმას ჰქონია, რომელიც ამ დროს სტუდენტი იყო.
თუმცა, ეს ყველაფერი დასკვნას შემორჩა. ამის გამო მოისწრაფეშვილს არათუ პასუხი უგია, მისი ნამოქმედარის სხვაზე გადაბრალებაც სცადა და გამოუვიდა კიდეც. გაისუფთავა „ნამოღვაწარი“ და ასე აგრძელებს „მოღვაწეობას“, რომელიც გურულებისგან განსხვავებით, მას და მის ოჯახს კარგად დაეტყო და ასეც გაგრძელდება, რადგან მოისწრაფეშვილს მჭიდრო კონტაქტები აქვს სუს-თან. სწორედ სუს- სჭირდება ის გურიაში იმისთვის, რომ იცოდეს ვინ, სად, ვისთან ერთად და როგორ ლაპარაკობს, _ გვიყვებიან მოისწრაფეშვილის გარემოცვიდან. მოისწრაფეშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ უყვარს. უფრო რომ „ჩავაზუსტოთ“ იმ მედიასთან, რომელიც კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.
ჩვენ შევეცადეთ მისგან გაგვეგო როგორ მოახერხა მან ამდენი ხნის განმავლობაში თანამდებობაზე ყოფნა;, როგორ და რატომ არ ეცვლება გემოვნება არც მას და არც იმ გუბერნატორებს, რომლებიც ინიშნებოდნენ და იხსნებოდნენ;, როგორ მოახერხა მისმა ოჯახმა მიწის შეძენა ჩალის ფასად და შემდგომში ოქროს ფასად გაყიდვა და მართლა აქვს თუ არა კავშირები მას სუს-თან, რის გამოც მეექვსე წელია უცვლელად იკავებს თანამდებობას, თუმცა, უშედეგოდ, მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.