„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი წულუკიანის ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ცესკო-დან წამოსულ თანამშრომელს შაშკინის მიერ ჩანერგილი უწოდა. დიმიტრი შაშკინის თქმით, ხელისუფლება აგონიაშია, რადგან არჩევნების უხმაუროდ გაყალბება ვერ შეძლო, რაც შეეხება „ჩანერგვას, მისი განცხადებით, ამაზე საუბარიც კი სასაცილოა: „აგონიაში ჩავარდნენ – ჯერ არჩევნები წააგეს, შემდეგ გააყალბეს და ახლა იმიტომ ჩავარდნენ სრულ აგონიაში, რომ ამის ჩუმად გაკეთება ვერ შეძლეს. მე ჩემი თავი კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მართლა სასაცილო არის ჩანერგვაზე საუბარი და ა.შ. ჯობია, რომ ამ ხელისუფლებამ დროზე აღიაროს დამარცხება, ჯობია, რომ თვითონ წავიდეს და ხალხს დაუბრუნოს არჩევნები, დაუბრუნოს ქვეყანა, რადგან ეს საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, წულუკიანს და ა.შ. მაინტერესებს, ჩანერგვა რაში მდგომარეობდა, რომ როდესაც აყალბებდნენ არჩევნებს, მაშინ გამოსულიყო? ეგ იყო ჩანერგვის ამოცანა? მართლა არაადეკვატური და აბსოლუტურად პანიკაში მყოფი ხალხი არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი არის ახლა სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც იზიარებს ივანე ბურდულის პოზიციას და ჩვენ ბევრ სხვას ვნახავთ ამ უახლოეს დღეებში“ – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.