“ნებისმიერი მცდელობა ოპოზიციის დამუნათებისა, არის პოლიტიკურად გაუმართლებელი საქციელი”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, ქვეყანაში შექმნილ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ კრიზისზე პასუხისმგებლობას მმართველ პოლიტიკურ ძალას აკისრებს:

“ქვეყანაში შექმნილ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა უპირობოდ და სრულად ენიჭება მმართველ პოლიტიკურ ძალას. ეს არის მარტივი აქსიომა.

მთავრობა ასევე პასუხისმგებელია საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების დეტალურ ცოდნაზე და მართებულად გამოყენებაზე.
საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაგანია პანდემიის დროს, აბსოლუტურად გაუმართავი ჯანდაცვის ფსევდოსისტემით, იყო კატასტროფის ტოლფასი.
მაშინ როდესაც მმართველი ძალა აგრესიულად და აქტიურად წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას, ამით იგი მაგალითს აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასაც და შესაბამისად, სრულ და უპირობო პასუხიმგებლობას იღებს როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე.
პოლიტიკური კრიზისის შექმნის შემდეგ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური აქტივობის ძალით ჩახშობა არის არადემოკრატიული მოვლენა.
მმართველ ძალას აქვს საშუალება მშვიდობიანად განმუხტოს პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისი შემდეგი გზებით:
1. გაითვალისწინოს ოპოზიციის პრეტენზიები არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ და დანიშნოს ახალი არჩევნები პანდემიური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ;
ან
2. ნება დართოს ოპოზიციას გააგრძელოს შეუზღუდავი პოლიტიკური აქტივობა და მაქსიმალურად უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება ამ პროცესის მიმდინარეობისას.
ნებისმიერი მცდელობა ოპოზიციის დამუნათებისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ კრიზისზე, არის პოლიტიკურად და სოციალურად გაუმართლებელი საქციელი. ოპოზიციას ეკისრება მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვას გონივრული ეპიდემიოლოგიური თავდაცვის მეთოდები და უზრუნველყოს საკუთარი მომხრეების ოპტიმალური უსაფრთხოება.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share