როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ, – ამის შესახებ პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომლითაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვის პროცესს ეხმაურება.
ვასაძე მთავრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მთავრობა წნეხის ქვეშ არის.
„დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და უზნეობის ზეიმს საქართველოში.
მე არ ვიცი, რა უფრო მიჭირს, ჩემი განსაცდელი, უცხოეთში ყოფნა, გაუთავებელი დიაგნოსტიკა და კვლევა თუ ის, რომ ახლა საქართველოში არ ვარ.
პირველ რიგში მინდა მივმართო მთავრობას და ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამხელა ზეწოლის და წნეხის ქვეშ ხართ თქვენ იმ ძალებისგან, ვისაც ძალიან უნდა ანტიეროვნული და ანტიტრადიციული დღის წესრიგის დამკვიდრება საქართველოში. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის შედეგი თქვენი უხერხემლო და უიდეოლოგიო პოლიტიკისა ამ 9 წლის განმავლობაში და როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ. გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე იქნებიან ეს, „ალტ-ინფოს“ ბიჭები: კოკა მორგოშია, ზურა მახარაძე, გიორგი ქარდავა, ძმები მარტინენკოები, ლევან ჩაჩუა თუ სხვები.“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძე დასავლური ქვეყნების საელჩოებს ქვეყნის საქმეებში რადიკალურ ჩარევაში ადანაშაულებს და მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
„ეს პოლიტიკა საქართველოში ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს და მხოლოდ დააზიანებს დასავლეთის იმიჯს ჩვენს ქვეყანაში. მე მოვუწოდებ დასავლურ საელჩოებს, ევროპული ქვეყნების საელჩოებს, აშშ-ს საელჩოს და მთელ ამ კონგლომერატს, დაფიქრდნენ კურსის რადიკალურ ცვლილებაზე საქართველოში. დაანებონ თავი ქართველი ხალხის ფსიქიკაზე და ტრადიციებზე ძალადობას. დაძალებას იმისა, რასაც ჩვენ არასდროს არ მივიღებთ და გადავიდნენ კონსტრუქციულ ჭრილში. მიიღონ ჩვენი საზოგადოება ისეთი, როგორიც არის და ეცადონ ცივილიზებული, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.