ბოლოსწინა საპარლამენტო არჩევნებზე, გარდაბანში, სდადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მომხდარმა ფაქტმა, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მმართველი პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ხმების უმრავლესობის მოპოვება სოციალურად დაუცველ ოჯახებში დიდი ოდენობით კარტოფილის დარიგებით შეძლო, ოზურგეთში ბევრი ადამიანი აცხადებდა, კიდევ კარგი ჩვენთან აეთი რამ არ ხდებაო….
რაოდენ სასაცილო თუ სატირალიც არ უნდა იყოს, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ გურიის ადმინისტრაციული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით „კარტოფილური მოძრაობის“ ეპიცენტრად გადაიქცა.
მეტიც, ადგილობრივ ხელისუფლებას და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ეყო თავხედობა, მიუხედავად ყველა დონის მედიის მიერ ფაქტის დაფიქსირებისა, კარტოფილი 31 ოქტომბრის (საპარლამენტო არჩევნების დღე), დილამდე ერიგებინა.
თუმცა ვერც კარტოფილი, ვერც ხახვი, ვერც ილა კეჭაყმაძის „ზონდერ ბრიგადებია“ (ოპოზიციის მიერ შეფასებული) საარჩევნო უბნებზე მობილიზება და მათ მიერ ოპოზიციის ამომრჩევლებზე მუქარა, გახდა საკმარისი – „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების მიერ არჩევნების მოსაგებად.
ამიტომაც გახდა მოგვიანებით საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი საბოლოო ოქმების ჩასწორება ამავე უბნებში, შემდეგ მისი გადასწორება საოლქო კომისიებში და შემდგომ კვლავ ხელახლა ცასწორება ცესკოში.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გურიაში პირწმინდად წააგო, თუმცა ჯიუტად ცდილობს მის „გაპრავებას“.
კვირიკეთის საარჩევნო უბანში მომხდარი ფაქტი, როცა მმართველი პარტიის მხარდამჭერმა კომისიის წევრებმა აიღეს და პირდაპირ მიითვისეს ოპოზიციის უკვე დათვლილი და ე.წ. „დასტეპლერებული“ ხმები, ნათელი მაგალითია იმისა, რომ მსგავსი რამ გურიის ყველა უბანში მოხდა.
თუნდაც ცხემლისხიდის უბანი, სადაც იგივე უფრო ხისტად განმეორდა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვით ასეთი ხმების თავხედური და მასშტაბური მიტაცებების შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაციას ბევრი მანიპულაცია დასჭირდა ოქმების „ჭკუაზე მოსაყვანად“, ადვილად და მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა მასშტაბური ფიასკო განიცადა „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს.
დიახ ფიასკო, რომელსაც ვერც ირაკლი კობახიძისა და ვერც მამუკა მდინარაძის ნირწამხდარი განცხადებები გააქარწყლებს და ვერც სახელისუფლებო ელიტის იმდღევანდელი „გამარჯვების ზეიმის“ იმიტაცია… წუთნახევარში რომ გაქრნენ ავანსცენიდან.
მოკლედ ჯერი ხალხზეა, ვნახოთ დაიცავს თუ არა საზოგადოება საკუთარ არჩევანს, რომელიც მიუხედავად არაერტი ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, იმავე საზოგადოებამ უბნებში მაინც დააფიქსირა, თუმცა საარჩევნო სუბიექტებმა არნახული მოსყიდვისა და ზეწოლის პირობებში – ვერ დაიცვა,
რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ვერ შეძლო ხალხის მოსყიდვა, თუმცა სავარაუდოდ გარკვეული ფინანსების გაღების ფონზე შეძლო ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხრიდან უბნებზე გაშვებული წარმომადგენლების, კომისიის წევრებისა თუ მეთვალყურეების მიმხრობა.