გიორგი თარგამაძის OP-ED: დ ა ს ა ს რ უ ლ ი?!

“ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში”, – ასე ფიქრობდა გოგონა იმ ენაზე, რომლითაც მეორე დღეა მისი მკვლელობის შესახებ საშინელ ამბავს ვიუწყებით. გუშინ თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე ავსტრალიელი მასწავლებელი შანაე ბრუკი გამოასალმეს სიცოცხლეს, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი ბლოგერი გადმოვარდა სასტუმროს სახურავიდან, პარალელურად გერმანელი დიჯეი ცემეს, მანამდე პოლონელი ტურისტი დაჭრეს, ყაზახი გოგო მოკლეს…

დღე არ გავა, რაღაც საშინელება არ შევიტყოთ. თვის დასაწყისში კი დედაქალაქის ცენტრში, პოლიციისა და დიპლომატიური მისიების თვალწინ ასობით ადამიანი იმისთვის სცემეს, ბეგვეს, დაასახიჩრეს, რომ სხვანაირად გამოიყურებოდნენ, განსხვავებულად ეცვათ ან საერთოდაც სხვაგვარად ფიქრობდნენ თუ საუბრობდნენ, ან კითხვის დასმას აპირებდნენ, ანდა უბრალოდ ცუდ ადგილას იდგნენ. ამ ისტერიის და ორგანიზებული თავდასხმების არცერთი, არცერთი წამქეზებელი და ორგანიზატორი დაკავებული არ არის.

დაგვიანებულია იმაზე ფიქრი და ანალიზი, ამ წერტილამდე როგორ და რატომ მივედით: გეოპოლიტიკური ჭიდილის რეციდივად ვიქეცით? რომლის მიზანია საჩუქრად მიგვართვან მოსკოვს, რადგან ამ ქმედებებით საქართველოს მოსახლეობა დასავლეთმოძულე, ველურ საზოგადოებად წარმოჩნდება, რომლის ადგილიც ცივილიზებულ სამყაროში არ არის; თუ ოცნების ძალაუფლების შესანარჩუნებელი პოლიტტექნოლოგიის მსხვერპლი ვართ, რომელშიც ის რადიკალურ და კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებით ცდილობს ძალადობითა და შიშის დათესვით საზოგადოება მორჩილ და ყველაფრის შემგუებელ მასად აქციოს…

როგორც არ უნდა იყოს, რაც დრო გადის, ოცნება უფრო მეტ ვალშია კრიმინალურ სამყაროსთან და ექსტრემისტული განწყობების მქონე დაჯგუფებებთან, რომლებიც ორგანიზებულად და მიზანმიმართულად ავსებენ ძალაუფლების ყველა ვაკუუმს, რასაც ხელისუფლება ნებით თუ იძულებით თმობს.

ხელისუფლების მომხრეები და საზოგადოების ნაწილი თავს იმით იმშვიდებს, რომ ცუდი ამბები ყველგანაა. ნიუ-იორკსა თუ პარიზში არანაკლებ საზარელი დანაშული ხდება. ჩვენთან არსებული ერთეული შემთხვევები კი სულაც არ ნიშანვს, რომ ქვეყანა ჭაობში იძირება.

დანაშაული მართალაც ყველგან ხდება, თუმცა უდიდესი შეცდომაა ავსტრალიელი მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის ერთეულ შემთხვევად განხილვა. ის შედეგია ხელისუფლების მხრიდან კრიმინალურ სამყაროსთან ფლირტის, ძალადობის წახალისების და დაუსჯელობის სინდრომის, რასაც მომავალში უარესი შედეგი მოჰყვება და ხვალ და ზეგ ქართველს მოკლავენ თუ ფრანგს, ნაცს თუ ქოცს, ქრისტიანს თუ მუსლიმს, ან რატომ მოკლავენ, ამას უკვე ვეღარავინ განსაზღვრავს და გააკონტროლებს. სწორედ ამ კლიმატის გამო მოდის რეზონანსში საზოგადოებრივი განწყობა ასე მწვავედ ავსტრალიელი გოგონას მკვლელობასთან და ყველა იმ ფაქტთან, რომელმაც ბოლო ხანებში ყველაზე ძლიერი ნერვების მქონე ადამიანებსაც კი დაურღვია სიმშვიდე. ვინც როგორ არ უნდა მიედმოედოს და გამართლებები, თუ შედარებები ეძებოს – ხელისუფლებაა პირველ რიგში დამნაშავე დაუსჯელობის და ძალადობრივი ატმოსფეროს შექმნაში.

მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხალხისგან, ვინც ფაქტებს ან ციფრებს არ აღიარებს და უკვირს, როცა დღიურად ათასობით ინფიცირებულის ყოლის ფონზე კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ.

ლოგიკით აუხსნელ და ენითაღუწერელ გონებრივ სისუსტეს, უმწიფრობას, ბავშვურ ინფანტილიზმსმიზეზშედეგობრიობის ვერ განსაზღვრას, ან შეგნებულ მავნებლობას თუ ვუწოდებთ ფაქტების და მისი გამომწვევი მიზეზების ერთობლიობას:

ქვეყანა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებდეს და მთავრობა ყველა თაობის ქართველ მწერალს იმტერებდეს, 9 წელი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდეს და ეროვნული საგანძური – საევაკუაციო გახადოს, 1-წლიანი ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობის აუცრელად, ყველა კარს და ფანჯარას ისე აღიავებდეს, რომ მარტივი მათემატიკური ალგორითმის შეფასება არ შეეძლოს და ტურისტული სეზონის პიკში ყველაზე წითელ ზონაში ვხვდებოდეთ და მართლა კუბოებს ვეღარ ვითვლიდეთ, ინვესტიციების და ტურისტების მოსაზიდად რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად პოზიციონირებდეს და დედაქალაქის ცენტრში, განსხვავებულობის გამო ადამიანებს კეტებით, დაუსჯელად დასდევდნენ, ევროპულ კუთვნილებას კონსტიტუციაში წერდე, შენს მიერ დაგეშილ ექსტრემისტებს ჯერ ჟურნალისტებს არბევინებდე და შემდეგ ევროკავშირის დროშას აგლეჯინებდე. საქართველოში ევროპულობის იმიტაციისგან ბოლიც კი არ დარჩა. ივანიშვილის მარიონეტების: წულუკიანი-ღარიბაშვილი-კობახიძის ლიდერობით ცივილიზირებულობის თამაში ისეთივე არაბუნებრივია, როგორც შეთანხმების ერთ დღეში ანულირების ფონზე, ზურაბიშვილთან შეხვედრისას შარლ მიშელის სახეზე გამოსახული ნაძალადევი ღიმილი.

ევროკავშირს და მიშელს კიდევ არაერთხელ ექნებათ შანსი გულწრფელადაც გაიღიმონ, აი ჩვენ კი, ყველას, უკვე სერიოზულად გვჭირდება დაფიქრება: რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გუშინ სასტიკად მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მიერ, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობად აღიარებული ასოებით, გასაბჭოებიდან 100 წლისთავზე, ქართული სახელმწიფოს ახალი ისტორიის ფურცელზე – დ ა ს ა ს რ უ ლ ი?! არ გამოისახოს!

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share