“ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარ მაქვს საშუალება და უფლება, ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო; ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა აღარ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს ნივთები ან მისი ნაწილი დაიკარგება. “თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმებს არ ჩაბარდება. “ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა. “ესე იგი: 1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევით და დახმარებით. “2) რომ ეს ნივთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, საეკლესიო მუზეუმების, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა. “3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული. “4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ეს ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონს, ე.ი. საქართველოს მუზეუმებს. მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტში ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარები მოკლებული არიან საშუალებას, ისარგებლონ ამ ნივთებით. “მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეს გადახდისთვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამოღებული. “ახლა აუცილებლად საჭიროა ამ ჩემს მოხსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საჭიროების მოთხოვნა, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. “გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს. რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ შუამდგომლობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. “კიდევ ერთი ცნობა – შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოიხოვენ და უნდა გადავიხადოთ. “სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ველი თქვენ პასუხს. ”
ღრმა პატივისცემით, ექვთიმე თაყაიშვილი”.