გურიაში, შესაძლოა საჯარო მოხელეთა დაპატიმრებების სერია დაიწყოს. ამის მიზეზი ბახმაროსა და გომისმთაზე მიტაცებული მიწებია.
როგორც ირკვევა,აჭარის პროკურატურას უკვე აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სახელმწიფო კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების და საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარებს.
საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, გიორგი კვარაკვახიძის ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.
როგორც გავარკვიეთ, უკვე დაიწყო დაკითხვების პროცესი, რომელიც ბევრ საჯარო მოხელეს, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებს და პოლიციის მაღალჩინოსნებს ეხება.
პროკურატურაში დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა, პირად საუბრებში გვიდასტურებენ, რომ საქმე ეხება გომისმტასა და ბახმაროში ასობით უკანონო მშენებლობას, რომლის დიდი ნაწილი დღესაც მიმდინარებს.
მაგალითად ბახმაროში, სადაც ახალ- ახალი სახლები შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე შენდება. ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ვოვა ლომთათიძის მტკიცებით, უკანონო ნაგებობების დემონტაჟის მოთხოვნით, რომელთა რაოდენობა 300-ს სცილდება, ჩოხატაურის მერს არაერთხელ მიმართა, თუმცა, ირაკლი კუჭავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
ამ დრომდე, არც უკვე იდიტიფიცირებული 25 პირის დაჯარიმება მომხდარა უკანონო მშენებლობების გამო. ლომთათიძე ამბობს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და შესაბამისი მტკიცებულებები მან უკვე გადასცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წაქეზებით და ხელშეწყობით, როგორც გომისმთაზე, ასევე ბახმაროში, დღისით, მზისით სისხლის სამართლის დანაშაული ხდება:
“ასეთი განუკითხაობა არცერთ დროში არ მინახავს, დღისით, მზისით ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს და პასუხს არავინ სთხოვთ” – აღნიშნავს ახვლედიანი.
ახვლედიანს ბახმაროს მოაგარაკეებიც ეთანხმებიან. დამსვენებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ უკვე დაკანონებულ სახლებზე მერია 5 კვადრატის მიშენების უფლებას არ აძლევს, თუმცა, მათთვის სასურველ ადამიანებს ისე შემოაქვთ სამშენებლო მასალები და ისე დგამენ სახლებს, რომ პასუხს არავინ სთხოვს:
“ვერ ვადგენთ ვინ აშენებს უკანონო სახლებსო მერია ამტკიცებს. ბახმარო პატარაა, ყველადფერი ხელისგულზეა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს აკეთებენ, რადგან სწორედ მათი ინტერესებია. უბრალო კაცმა, აივანი რომ მიაშენოს დააჯარიმებენ, ჩინოვნიკები კი სასახლეებს დგამენ და ამას „ვითომ ვერ ხედავნ“ – აღნიშნავენ ბახმაროში მყოფი დამსვენებლები.