2 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა ხანძრის შედეგად საბერძნეთში. დაშავებულებს შორის 2 მეხანძრეა, რომლებიც ძლიერი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყანაში ცეცხლის კერების გავრცელება უკონტროლო ხდება. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხანძრის ჩასაქრობად ათასზე მეტი მეხანძრე და 20 თვითმფრინავია მობილიზებული. სტიქიისგან შექმნილი გარემოპირობების გამო, თესალონიკში ტბებსა და მდინარეებში თევზები უჟანგბადობით დაიხოცნენ. ბერძნული მედიის ცნობით კი ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
უკვე მეოთხე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ ჩრდილოეთ მაკედონიაში. სტიქიასთან საბრძოლველად, მეხანძრეებს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები და მოხალისეები ეხმარებიან. ამ დროისთვის ქვეყანაში ცეცხლის 18 კერაა.
უკვე 11 დღეა თურქეთი ხანძრის სრულად ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს. ბოლო მონაცემებით, მეხანძრეებმა ცეცხლის 214 კერიდან 202-ის ჩაქრობა შეძლეს.
წითლად შეიფერა ცა კალიფორნიაში. მიზეზი მასშტაბური ხანძარია. შტატში ცეცხლის კერებს უკვე 3 კვირაზე მეტია ებრძვიან. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ოფისები. დაკვამლიანების ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. სტიქიას გავრცელებას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს.
ავტორი: თინათინ ცერცვაძე