“წარმოუდგენელია, მერის ხელფასი თვეში 2,000 ლარს შეადგენდეს-ქალაქების მერებს ხელფასები გაუორმაგდებათ”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქების მერებს ხელფასები გაუორმაგდებათ. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ დღეს მერის ხელფასი თვეში 2,000 ლარს შეადგენდეს.

“გავზრდით ჩვენ მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რაც არის უზარმაზარი ქალაქი,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, გადაიხედება მთლიანად საჯარო სამსახურის ანაზღაურების მოცულობაც.

“2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის ბიუროკრატიული აპარატისთვის ხელფასების მომატება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს საჯარო სექტორის ხელფასების მოცულობა სულ 1.66 მილიარდი ლარი უნდა იყოს.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share