მდიდარი მაღალჩინოსნების ფონზე რიგითი მოქალაქეების ცხოვრება სულ უფრო დრამატულად გამოიყურება. სიღატაკის ფაქტს თავად “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაწილი, საქსტატი ადასტურებს.
მონაცემები პირდაპირ აჩვენებს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფთა ისედაც უდიდესი რიცხვი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება. ექსპერტები, რომლებიც წლებია ურჩევენ მთავრობას შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, ახლა უკვე დარწმუნებით ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ხალხს განზრახ აღარიბებს.
გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები – მოქალაქეები იმ მძიმე რეალობაზე საუბრობენ, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ ფასები ყოველკვირეულად დრამატულად იცვლება.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი ღატაკია და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ყოველთვიურად რეკორდულად იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც დახმარების მოლოდინშია – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო ერთ თვეში უკვე 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ამას კი მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა და უმუშევრად დარჩა.