“5-6 ბავშვი დააკავეს, მერე ოჯახისგან ითხოვდნენ 300 ხმის მიტანას…ახლაც პირდაპირ წინასაარჩევნოდ მოხდა ამ ბავშვების დაკავება, ახლაც ვაჭრობას დაიწყებენ”-მაჩალიკაშვილი

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნებს უკავშირებს. როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, წინა არჩევნების დროსაც სპეცოპერაციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს, მოგვიანებით კი მათ ოჯახს, სანაცვლოდ არჩევნებზე ხმების მიტანა მოსთხოვეს.

“შევიდნენ, ერთი მძინარე აიყვანეს, მეორეც მძინარე აიყვანეს. ჩხრეკის დროს კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ არის ამოღებული, კომპიუტერები და ტელეფონები წაიღეს. არჩევნების პერიოდში ასე ხდება. შარშანწინ პირველ არჩევნებზეც ასე იყო, მეორე საპარლამენტო არჩევნებზეც ასე იყო. 5-6 ბავშვი დააკავეს, მერე ოჯახისგან ითხოვდნენ 300 ხმის მიტანას. ახლაც პირდაპირ წინასაარჩევნოდ მოხდა ამ ბავშვების დაკავება, ახლაც ვაჭრობას დაიწყებენ”,-თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ. დაკავებულებიდან ორი პანკისის ხეობის სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share