სწავლა დისტანციურად დაიწყება-ბრძანება ძალაშია

ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლა დისტანციურად დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ ბრძანებაში ცვლილება უკვე შესულია და ბაღებს, სკოლებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს ეხება. ბრძანებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

გაეცანით ბრძანებას:

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა (ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული, უმაღლესი) 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში,  კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები იმ სტუდენტებისათვის,  რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი, ჩაატარონ სრულად ვაქცინირებული პერსონალის მეშვეობით, არადისტანციურ რეჟიმში, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2021 წლის 4 ოქტომბრიდან იმ სოფელში/დაბაში/ქალაქში, სადაც ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი იქნებიან, სასწავლო პროცესი განაახლონ არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო, თუ ინფიცირების (ტესტის დადებითობის) მაჩვენებელი იქნება 4%-ზე მეტი, სასწავლო პროცესი განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლებისა და, საჭიროების შემთხვევაში,  კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share