ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ მძიმე ბავშვობის პერიოდი გაიხსენა.
„თავიდან ძიუდო საერთოდ არ მომწონდა, ბავშვებთან თამაში მირჩევნოდა. სკოლის პერიოდში ბავშვები რომ სათამაშოდ მიდიოდნენ, მე ძიუდოზე მივდიოდი. სავარჯიშოდ ბავშვებს მარტო ერთი მიმართულებით, 13 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევდა, ხან მანქანას გავყვებოდით. ძალიან რთული პერიოდი იყო. ზამთარში, თოვლში ძალიან ძნელი იყო. უკან რომ ვბრუნდებოდით, უკვე ღამე იყო და წარმოიდგინეთ 7-8 წლის ბავშვისთვის როგორი რთული იყო მარტო სიარული. სახლამდე დიდი გზის მარტო გავლა მიწევდა. ძალიან რთულად მახსოვს ეს პიროდი. სოფელში გაჭირვება იყო. ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო. ბევრჯერ იყო ასეთი მომენტი.
სავარჯიშოდ პირობებს რაც შეეხება, დარბაზიც არ ერქვა, სკოლის ოთახი იყო გამოყოფილი, სადაც ვარჯიშობდით. ოთახში ტატამი ნახევარზე იყო დაგებული, ნახევარზე კი ხალიჩები იყო“, – განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმით, მისი პირველი მასწავლებელი, რომელმაც ძიუდოში ფეხი აადგმევინა, კახა წიკლაური იყო, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ბავშვებს დიდი სპორტსმენების შესახებ უყვებოდა და მათ მოტივაციით ზრდიდა.