ლენტეხის მუნციპალიტეტში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის 8 არაპარტიული წევრი, რომელსაც ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და წესით ნეიტრალურები უნდა იყვნენ, სინამდვილეში, პარტია „ქართული ოცნება“-ს არჩეულები არიან.
„ნებისმიერი დაინტერესებული ლენტეხელი გაარკვევს რომ ეს ასეა. ესენი არიან არჩეული ნათესაობის მიხედვით, პარტია ქართული ოცნების აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები. ეს ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა, მმართველი პარტია საოლქო საარჩევნო კომისიაში ყოველთვის თავის კანდიდატებს სვამდა და ახლაც ასეა, ეს ყველამ იცის, მაგრამ რამე ბერკეტი ამის აღმოსაფხვრელად არ არსებობს.“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ერთერთმა მათგანმა, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მანანა ონიანს:
” საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 წევრი მუდმივად ვმუშაობთ, ხოლო 3 დროებითი წევრი აირჩია ცესკო-მ, ასეთი სამაგალითო თანამშრომლები და მუშაკები ეს გოგოები რომ არიან, არ ვიცი როგორ ვთქვა, ყველა სამსახურში სანატრელია, არც პარტიული აქტივია და არც არაფერი, თავჩაღუნული შრომობენ, კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, გაიარეს გასაუბრება, შეიტანეს განაცხადები, აირჩია ცესკო-მ და მუშაობენ აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციით“.
კომენტარისთვის ასევე მივმართეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს უფროს იურისტს გიგი ჩიხლაძეს:
როგორ ხდება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება კონკურსით ასარჩევი წევრებით ?
“ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში არაპარტიული წევრების ასარჩევად ტარდება კონკურსი, თუმცა კონკურსი პირობითად ჰქვია, რისთვისაც ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია აკრიტიკებთ. წარადგენენ საბუთებს მსურველები ვაკანსიაზე, მერე ამ საბუთების გადარჩევა ხდება და პირდაპირ ხმის მიცემა, გასაუბრება არ ტარდება, არაფერი არ ტარდება. ცესკო ირჩევს ფაქტობრივად უმრავლესობით. საოლქო კომისია შედგება 17 წევრისგან, 9 წევრი ინიშნება პარტიებიდან, მათი წარმომადგენლების სახით, დანარჩენ 8 წევრს ირჩევს ცესკო – ხუთ მათგანს ირჩევს 5 წლის ვადით, ხოლო 3 წევრს დროებით, მხოლოდ საარჩევნო პერიოდისთვის.
კარგი კონკურსი როგორ უნდა ტარდებოდეს ? – უნდა იყოს შერჩევის რამდენიმე ეტაპი ხომ ? მაგალითად, პირველი ეტაპი იქნება რეზუმეებით და საბუთებით გადარჩევა, მეორე – ტესტირება ან გამოცდა, მესამე – გასაუბრება და ბოლოს კენჭისყრა ხომ? არაფერი არ ტარდება, ხშირად ფიზიკურად არც კი ნახულობენ ამ ადამიანებს, პირდაპირ ირჩევს ცესკო ყოველგვარი ამ ეტაპების გარეშე. გასაუბრება მათთვის კანონით შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელი არ არის და როგორც წესი, არ იყენებენ. უბრალოდ დასხდებიან ცესკო-ს წევრები და გამოაცხადებენ ამ ვაკანსიაზე შემოტანილი აქვს განაცხადი ამდენ კანდიდატს, შემდეგ ჩამოთვლიან და თითოეულ მათგანს ცალკ-ცალკე უყრიან კენჭს, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას, არანაკლებს უმრავლესობისა, ის კანდიდატი დასაქმდება. ბუნებრივია, ასე დაკომპლექტებული კომისიების მიმართ არსებობს პრეტენზიები, ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვები, რომ რადგან მმართველი პარტია ფლობს უმრავლესობას ცესკო-ში, წინასწარ იციან კომისიის წევრებმა, რომ ხმა უნდა მისცენ იმ კანდიდატს, რომელიც არის დაკავშირებული მმართველ პარტიასთან.
ცესკო-ში 9 წევრი პარტიულია, სხვადასხვა პარტიებისგან დაინიშნა, მათ შორის მმართველი პატიიდანაც, მაგრამ 8 დანარჩენი, არაპარტიული წევრი აირჩია პარლამენტმა, რადგან პარლამენტში უმრავლესობა აქვს მმართველ პარტიას და რვავე წევრი ერთპარტიულად იქნა არჩეული, ყოველგვარი პარტიათაშორისი შეთანხმების და კონსენსუსის გარეშე, შესაბამისად არგუმენტირებულად ვთვლით, რომ რვავე წევრი იმყოფება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს გავლენის ქვეშ და შესაბამისად, ცესკო-ში ამ პარტიის მომხრეა უმრავლესობა. შემდეგ ეს კომისია, რომ ირჩევს საოლქო კომისიებს, იქაც იგივე მოდელი გრძელდება, იმიტომ რომ მმართველ პარტიას უმრავლესობა აქვს ცესკო-ში და ვისაც უნდა იმას დანიშნავს საოლქოში, და ბოლოს, საოლქო კომისია, რომ ირჩევს საუბნო კომისიის წევრებს, იქაც იმას დანიშნავს ვინც უნდა და იქაც უმავლესობა „ქართული ოცნების“ მომხრე აღმოჩნდება-ხოლმე.“
19 აგვისტოს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ორგანიზაციამ- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (IშFED). განცხადებაში კრიტიკულ შენიშვნებთან ერთად აღნიშნულია საარჩევნო კომისიებში ვაკანსიებისთვის კონკურსების მიმდინარეობისას მიღწეული დადებითი ძვრებიც:
“მიმდინარე წლის 19 აპრილს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ხელმომწერმა მხარეებმა “ამბიციური საარჩევნო რეფორმის“ განხორციელების ვალდებულება აიღეს. რეფორმა, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ წევრთა მაღალი კვორუმით არჩევას ითვალისწინებდა. მიმდინარე წლის ივნისში, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების არჩევისთვის განისაზღვრა შესაბამისი საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა, თუ კანდიდატები ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებენ, განმეორებით კენჭისყრაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.
… ცესკოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის 98 დროებითი წევრი (44.95%), ხოლო სრული შემადგენლობის უმრავლესობით − 120 წევრი (55.05%).[4] კონკურსში მონაწილე 370 კანდიდატიდან გასაუბრება გაიარა 180-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების 16.4%-ში კონკურენცია არ ყოფილა და 3 ვაკანსიაზე 3 განცხადება იყო წარდგენილი.
დადებით შეფასებას იმსახურებს ცესკოს მიერ გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. ამ გადაწყვეტილებამ გასაუბრების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას შეუწყო ხელი, თუმცა, ამავდროულად, კონკურსანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თვალი ედევნებინათ თავიანთი კონკურენტების გასაუბრებისთვის და წინასწარ მოემზადებინათ შესაბამისი პასუხები. კონკურსანტების ნაწილმა უარი თქვა მისი გასაუბრების ტრანსლირებაზე, რის გამოც კანდიდატები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.
საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულები. რამდენიმე შემთხვევაში, პროფესიულ წევრებად შერჩეული პირები აფილირებულნი არიან მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და საკუთარი ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობიდან გამომდინარე.[6] საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეულთაგან 2 პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური პასუხისმგებლობა…
… „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაბალი კვორუმით არჩევა, კვლავ დღის წესრიგში ტოვებს საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს გამოწვევას, რაც ნდობის ნაკლებობას უკავშირდება. საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ დონეზე (ცესკო-ს ახალი წევრების შემთხვევაში 100% და ოლქების შემთხვევაში − 55.05%) კონკურსანტები დაბალი კვორუმით აირჩნენ. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციის ვერცერთ დონეზე მრავალპარტიული კონსენსუსითა და პოლიტიკურ აქტორთა მხარდაჭერით კომისიის წევრებთა დაკომპლექტება ვერ მოხერხდა…“
ცოტნე მუსელიანი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ”.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.