საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი ისევ მაღალია. ამის ნათელი დადასტურებაა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი საქართველოში უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს. ქვეყანაში ინფლაცია 12.8% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:
- ტრანსპორტი – ზრდა 22.5%
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ზრდა 16.2%
- ავეჯი და საოჯახო ნივთები – ზრდა 12.6%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 11.7%
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.25% შეადგინა. ხოლო, იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 29%
- ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 22.91%
- ტრანსპორტი – ზრდა 21.76%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 21.48%
აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 6.7%-ით განისაზღვრა.
სომხეთში ფასების დონის ზრდა 8.8% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი – ზრდა 15.1%
- ტანსაცმელი- ზრდა 10.3%
- ტრანსპორტი- ზრდა 10%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ზრდა 9.3%