მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს. იხსენებს დროს, როდესაც თვითონ იდგა საპროტესტო აქციაზე და შედარებას აკეთებს. დასძენს, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციებზე თავისუფლებას მოითხოვენ, არ იციან რას აპროტესტებენ მათგან განსხვავებით, ვინც 12-15 წლის წინ აპროტესტებდა ხელისუფლებას.
ლორთქიფანიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას იმასაც ამატებს, რომ თუ ეს ყველაფერი არ დამთავრდება, საპასუხოდ გამოვლენ ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” და მის მიერ ორგანიზებული აქციების წინააღმდეგია.
ნანა ლორთქიფანიძე: – მიმდინარე მოვლენებზე ვნერვიულობთ და განვიცდით. თუმცა არც ერთი წუთით არ ვუშვებ, რომ არჩევნები გაყალბდა. გაყალბება თუ უნდოდათ, უფრო კარგად შეიძლებოდა გაეყალბებინათ, სათავისოდ.
– უფრო კარგად ანუ რა შედეგით?
– ბევრად უარესი შედეგით, როგორც აყალბებენ, ან როგორც ადრე ხდებოდა.
– ანუ ხალხის პროტესტი უაზრობად მიგაჩნიათ.
– რასაკვირველია. მე არა მგონია, “ნაციონალურ მოძრაობას” პროცენტები აღელვებდეს და ამისთვის იბრძოდეს. მე მგონია, რომ რა პროცენტიც არ უნდა მიეღოთ, ეს სცენარი მაინც განვითარდებოდა. მათი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა.
– “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით სხვა პარტიებიც დგანან დღეს.
– რომელი პარტიები? ნინო ბურჯანაძეს რატომ უკვირს, რომ საერთოდ ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა? არ მესმის. რატომ გონია, რომ ვინმეს შეიძლებოდა, რომ მისთვის ხმა მიეცა ოჯახის წევრების და ნათესავების გარდა?!…”