დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება არ განიხილება, თუმცა რიგი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“შეზღუდვებზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება საღამოს, ხვალ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ლოქდაუნი, ანუ სრული ჩაკეტვა, რაც განახორციელა ჩინეთამ ვუჰანში, ასეთი რამ არ განიხილება, განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომლის ნაწილიც დაწესებულია და ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდება. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვების აღსრულება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი, 3 230 კი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც. შეზღუდვები შეეხო კვების ობიექტებსაც, რომლებსაც 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ მთავრობას არ დაუკონკრეტებია როდემდე გაგრძელდება ხსენებული შეზღუდვები.