შპს “ენკას” საქართველოს მთავრობის #2405 განკარგულებით, სულ რაღაც 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონება. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი “გურიის მოამბეს” ოპოზიციიდან მოაწოდეს. თუ რა უძრავ ქოონებაზეა საუბარი, ეს აღნიშნული დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუმცა ის, რომ თურქულ კომპანიას ხელისუფლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, ამას ნამახვან ჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, სადაც ხალხის პროტესტი და ინტერესი სრულიად იგნორირებულია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ ფაქტობრივად ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას და ფაქტია, რომ მსგავს წინააღმდეგობას დიდი ფინანსური გარიგებებისა და შეიძლება ითქვას პირადი სარგებლის გარეშე ალბათ არც გარისკავდნენ, მით უფრო ახლა, როცა “ოცნებას” “ცეცხლი ყველა მხრიდან შენთებული აქვს”.
თუ რის და რამდენის ფასად გახდა ხელისუფლება თურქული კომპანიის მიმართ ზედმეტად ხელგაშლილი და ქართული მიწების დარიგებაში ზედმეტად გულუხვი, ამას დრო გამოაჩენს, ფაქტი კი ამ ეტაპზე ისაა, რომ იმერეთში უცხოური კომპანია უძრავ ქონებას ლამის “კაპიკებში” იგდებს ხელში.
ცნობისთვის: „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი თურქული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფი“).ნამახვანში ორი 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გეგმავს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნამახვანჰესის ასაშენებლად გაფორმებული ხელშეკრულება მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს, განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვლისწინებს და სულაც ვერ შეიტანს ისეთ წვლილს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, როგორც ამას მთავრობა მიუთითებს ხოლმე.
„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი“, – აცხადებენ EMC-ში.