ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ, – ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი “არცერთი პირობით და არანაირ ვითარებაში” შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
“ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი, გამოიყურება საკმაოდ ყოჩაღად, მოტივირებული ისედაცაა ვიცით, ფიზიკურად არის ნამდვილად ძლიერად.
საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე იყო საუბარი. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას არცერთი პირობით და არანაირ ვითარებაში და რაც მთავარია, მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს, ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ.
გამოსვლის გზებზე არ გვისაუბრია, ვისაუბრეთ იმ სიტუაციაზე, რა დღეშიცაა ქვეყანა და აქედან გამომდინარე რა შეიძლება მოხდეს და დაემართოს ამ ქვეყანას, თუ დიდხანს გაგრძელდა ამ ხელისუფლების არსებობა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.