„ქართული ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება მათი სტარსბურგში ვიზიტიც, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და სხვა წევრების სტრასბურგში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
როგორც ხუხაშვილი ამბობს, ვიზიტის მიზანია მმართველმა პარტიამ ევროპას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თავისი ვერსია შესთავაზოს და დაარწმუნოს ამაში.
„მე ვფიქრობ, სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წევრები შეეცდებიან თავისი ვერსიებით რაღაცნაირად გამოასწორონ ის ძალიან სერიოზულად შერყეული რეპუტაცია. ჩავლენ და შეეცდებიან, რომ ევროპა დაარწმუნონ შეთქმულების თეორიებში. ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? – იმიტომ, რომ მას ხელისუფლების შიგნით მთელ ამ მარაზმზე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. გარკვეულწილად, ევროპას თავისი ვერსია შესთავაზოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება, გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან რთული იქნება მისთვის ევროპარლამენტარების დარწმუნება, რომ აქ დემოკრატიასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და არც სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური არაფერი ხდებოდა და ეს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს და მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, შედეგებს ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო „ქართული ოცნების“ ინიციატივა იქნებოდა. „ქართული ოცნება“ მგელივით რომ იქცეოდა საქრთველოში, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუჯერებენ თუ არა, ვნახოთ.” – განაცხადა ხუხაშვილმა.