“პატიმარი თუ ხარ, სულ საავადმყოფოში უნდა იწვე?”,– ასე ეხმიანება “ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ სუს-ი ავრცელებს ჭორებს, რომ გორის ჰოსპიტლიდან მას ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
“სუს-ი ავრცელებს ჭორს რას ნიშნავს, პატიმარი თუ ხარ, სულ საავადმყოფოში უნდა იწვე, რაც მოგისაჯეს, ის პერიოდი? ჭორი კი არა, ეგ არის რეალობა. ადამიანი თუ საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, გადადის საავადმყოფოში და ბრუნდება საპატიმროში, სადაც არანაკლები სამედიცინო ცენტრი არსებობს. რისთვისაც გადაიყვანეს, როგორც კი ამოიწურება აუცილებლობა რომ აქ იყოს, მერე პატიმარია და უნდა დაბრუნდეს საპატიმროში”,– ამბობს ვოლსკი პალიტრანიუსის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სათანადო ციხეში გადასაყვანად, არ გადაიყვანენ.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა, რომ სადაც უნდათ, იქ გადაიყვანონ, ამით მას ვერ გააკვირვებენ.