ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედის კვირასთან ინტერვიუში ქვეყანაში წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის 5 ივლისს, აფასებს. ჰარცელის თქმით, ის ძალადობა, რომელიც იმ დღეს მოხდა, მისთვის მოულოდნელიც იყო და გულსატკენიც.
“უნდა ვთქვა, რომ 5 ივლისს ნამდვილად ვერ ვიცანი ის საქართველო, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიცნობდი. ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი ტოლერანტობითა და მრავალფეროვნებით. ის მოვლენები, ის ძალადობა, რომელიც იმ დღეს მოხდა, ჩემთვის მოულოდნელიც იყო და გულსატკენიც”, — თქვა ელჩმა იმედთან.
ჰარცელისგანცხადებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უმცირესობებისა და მათი სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა და დაცვა.
“ასევე, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება და უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ის, რაც მოვლენებს უნდა მოყვეს არის შემდგომი სათანადო ზომების მიღება ამ ძალადობის წამქეზებელთა და ორგანიზატორთა გამოსვლენად. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ”, — აღნიშნა მან.