კულტურის სამინისტროსგან ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია – სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს ჟურნალისტების ზარებს, არ კითხულობს წერილებს, უწყება არ აქვეყნებს დოკუმენტაციას, რომლის გამოქვეყნებასაც კანონი ავალდებულებს.
რამდენიმეთვიანი ინფორმაციული ვაკუუმის გასარღვევად PUBLIKA-ს ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი 2 დეკემბერს პარლამენტში მივიდა. ეს იყო მისი ერთადერთი შესაძლებლობა, შეხვედროდა მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც იმ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა.
ჟურნალისტი მინისტრს პარლამენტის ავტოფარეხთან დახვდა. მას სურდა, თეა წულუკიანისთვის პირადად ეკითხა, რატომ ვერ იღებს თვეებია პასუხს მისი უწყებიდან. მინისტრის დაცვამ ჟურნალისტს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა. ქრისტინემ და მისმა ერთმა კოლეგამ მთელი დღე გაატარეს პარლამენტში, მაგრამ კითხვაზე პასუხი მაინც ვერ მიიღეს. ისინი ცდილობდნენ, პარლამენტისა და მთავრობის პრესსამსახურების დახმარებით ეპოვათ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები და მათთვის მაინც ეკითხათ, რატომ ვერ იღებენ პასუხს, თუმცა ვერც ეს მოახერხეს.
„სად არის სამართალი, სად წაიღო მინისტრმა ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ინფორმაციის თავისუფლების? რატომ გვართმევს იმის უფლებას, ვაკონტროლოთ საჯარო უწყებები და ვიცოდეთ, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება? თუ, წულუკიანი რადგან არის, თვითონ არის სამართალი და არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს? – აღმაშფოთებელია ასეთი დამოკიდებულება!“ – ამბობს ქრისტინე მუჯირი.
კითხვა, რომელიც მას ამ სამინისტროსთან დაუგროვდა, ბევრია: დაწყებული სამინისტროს საშტატო ნუსხით, დამთავრებული მინისტრის ბრძანებებითა და განკარგულებებით. მაგალითად, სამინისტროს თავის დაქვემდებარებულ უწყებებში სპეციალური წარმომადგენლების გაგზავნის და დანიშვნის შესაძლებლობას აქვს, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა „ოდეერების“ მივლენის მსგავს პრაქტიკას შეადარეს. გაურკვეველია ისიც, რა ნიშნით არჩევს მინისტრი თეატრებს, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელებს თვითონ ნიშნავს, ან ამ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ფაქტების დაზუსტება სჭირდება მინისტრის იმ განცხადებებსაც, სადაც ის სავარაუდო დანაშაულებზე საუბრობს.
3 დეკემბერს მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მუზეუმებიდან დაკარგულ ნამუშევრებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა არც დაკარგული ნამუშევრები და არც სავარაუდო დანაშაულში ჩართული პირები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, – ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, – 53 სავარაუდოდ დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება“, – თქვა მინისტრმა პარლამენტში მოხსენებისას. თეა წულუკიანი დაკარგულს უწოდებს სხვადასხვა საელჩოსა და სახელმწიფო უწყებებში გამოფენილ ფერწერულ ნამუშევრებსაც, რომლებიც უკვე დააბრუნა მუზეუმში, თუმცა მის ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. მინისტრის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ საელჩოებში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მათი ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად ერთ-ერთი გზაა.
გარდა ამისა, 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხი უნდა შეესწავლა, ვინაიდან მოსაზრებები „დაკარგული ნივთებისა“ და „გამოშიგნული მუზეუმის“ შესახებ, მაშინაც განხილვის საგანი იყო, დასკვნაში დაწერა, რომ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.
მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ მწერალთა ნაწილს „არ უშვებენ“ მწერალთა სახლში – ამ ბრალდებას მწერალთა სახლის დირექტორი არ იზიარებს და ამბობს, რომ ამ უწყების კარი ღიაა ყველა მწერლისთვის.
„რას ეყრდნობა მინისტრი, როცა მკვახე, მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებს და ლანძღავს ყველას არგუმენტების გარეშე. ასე მარტივად არ დავიჯერებთ ამ ყველაფერს…“ – ამბობს ჟურნალისტი ქრისტინე მუჯირი.
სამინისტროს ისევ არ აქვს საიტი, სადაც განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ბიუჯეტის, სტრუქტურის, თანამრომლების, შესყიდვების შესახებ. დოკუმენტებს, რომლის გასაჯაროებასაც სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, Google Drive-ის ბმულებით აზიარებს Facebook-ის გვერდზე. ესაა ერთადერთი პლატფორმა, სადაც სამინისტროს 9-თვიანი ისტორიის ნახვაა შესაძლებელი.
თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ წაშლილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძველი საიტიც – რომელიც საარქივო მასალებს ინახავდა. კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებამდე, კულტურის სამინისტრო ამ ფორმით არსებობდა.
რადიო თავისუფლება