21 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას მმართველი გუნდის ლიდერები, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღეს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “ნაციონალი” ლიდერები “კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არიან”. თავის მხრივ, “ნაციონალები” პირიქით ირწმუნებიან – რომ “პიროვნული კულტის ქვეშ” სწორედ “ქართული ოცნების” ლიდერები არიან და ოპონენტებს იმ დღეს ახსენებენ, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაჭერა, პირადად ბიძინა ივანიშვილს მიულოცა. ოპოზიცონერი ლიდერების თქმით, მათ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილს სააკაშვილის თავი მიართვა. პიროვნების კულტზე ფსიქოლოგი და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში – რამაზ საყვარელიძე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
” ადამიანებს სიმბოლოები უყვართ. როგორც კი გამოჩნდება შანსი იმისა, რომ ესა თუ ის მოვლენა მნიშვნელოვან თარიღს დაუკავშირონ, ხელიდან არ უშვებენ. რაც შეეხება, 21 დეკემბერს ანუ სააკაშვილისა და მელიას დაბადების დღეზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას, შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ ზვიად გამსახურდიამაც გააკეთა, 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა და ამ უმძიმეს დღეს პოზიტიური მიმართულება მისცა.
პიროვნების კულტისადმი მიდრეკილებით აიხსნება ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა იმ პოლიტიკურ პარტიებს – “ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” აქვთ, რომლებთანაც მთავარი აქტორები – სააკაშვილი და ივანიშვილი ასოცირდებიან.
ისეთი აქტორების გარშემო, როგორებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, ყოველთვის იქმნება მიზიდულობის ცენტრი. ბოლო დროს, ჩვენთან ხშირად ამბობენ- ლიდერი არ გვინდაო. გამორიცხულია ასეთი რამ, მაიმუნებსაც კი ჰყავთ თავიანთი ლიდერი. რა თქმა უნდა, გადაჭარბება ყველაფერში ცუდია, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ლიდერების გარეშე წარმოუდგენელია. ფსიქოლოგიის ყველაზე საკრარული თემა სწორედ ლიდერის ფსიქოლოგიაა.” – აცხადებს საყვარელიძე.