ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატენი და კლოდ კერნი, მოუწოდებენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატი.
“პოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ კონსოლიდაციას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს” – განაცხადეს მათ.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, როგორც ისინი შიშობდნენ, იყო “დე ფაქტო პლებისციტი მმართველი გუნდისთვის” და გამოვლინდა პრობლემური საარჩევნო გარემო.
მათ აღნიშნეს, რომ შემაშფოთებელი რჩება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევები.
დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში უმცირესობებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც.
“მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ლგბტ თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც მოხდა პრაიდის კვირეულზე 2021 წლის ივლისში. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და ის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერს”- ნათქვამია განცხადებაში.
მომხსენებლები იმედგაცრუებული არიან საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით.
ცნობისთვის, განცხადება საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა 8-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ გააკეთეს.