ვიმეორებთ, საქართველო გახდება ალიანსის წევრი – მთავარი გზავნილები NATO-ს სამიტიდან

14 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) სამიტი გაიმართა. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იყო. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და რუსეთს აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა. “მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები, რომლებიც განთავსებულია სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე. […] მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ძალისმიერი მცდელობა, რათა გამოყოს ეს რეგიონები დანარჩენი საქართველოსგან, რასაც აგრძელებს ხელოვნური საზღვრის მშენებლობის გზით. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ”. – ნათქვამია სამიტის კომუნიკეში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share