მომავალ 3 წელიწადში ფასების ზრდა ისევ 3%-ზეა დადგენილი.
კერძოდ, როგორც „2022−2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2022−2024 წლებისთვის 3 პროცენტს შეადგენს.
„საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ 2022−2024 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
2022−2024 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე,“- აღნიშნულია დადგენილებაში.
bpn.ge