გურიის გუბერნიაში ახალი წლიდან დაახლოებით 7 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.
ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ინფორმაცია თავად გუბერნიიდან მოაწოდეს.
როგორც გვეუბნებიან, ყველა ის პირი, ვინც სამსახურში ხელშეკრულებით ჰყავდათ აყვანილი, ახალი წლის შემდეგ სამუშაო ადგილებს დაემშვიდობებიან.
„დაახლოებით 7 ადამიანზეა საუბარი, ესენი არიან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებს, ისევ მათთვის მისაღები კადრებით არ შეავსებენ.
ამის პრაქტიკა ნამდვილად გვაქვს. სამუშაო ადგილებს მხოლოდ მათი საახლობლო, სამეგობრო და ნდობით აღჭურვილი პირებით ავსებენ. ამ ხალხს ჰგონია, რომ ბიუჯეტი მათი ჯიბეა და ვინც თვალში არ მოსდით, ის მუშაობას და ხელფასს არ იმსახურებს“-გვიყვება გუბერნიის თანამშრომელი.
ზოგადად რა ხდება გურიის გუბერნიაში, რა ნიშნით თავისუფლდებიან ძველი და ინიშნებიან ახალი კადრები, ან სად იმალება მხარის რწმუნებული, რომელიც ორდღიან უამინდობასა და თოვლში, რომელმაც ადგილზე გარკვეული პრობლემები შექმნა, არც ოზურგეთის ქუჩებში და არც ერთ სოფელში არავის უნახავს, ძალიან ვეცადეთ პასუხები თავად გუბერნატორისგან, ან მისი მოადგილისგან, ან პრესასთან ურთიერთობის სამსახურისგან მიგვეღო, თუმცა ამაოდ. ვერც ერთმა ჩვენი ზარების საპასუხოდ ვერ, ან არ მოიცალა.
არასასურველ კითხვებზე თავის არიდება, მათი მხრიდან პირველი შემთხვევა არაა და ზუსტად ვართ დარწმუნებულები, რომ არც უკანასკნელი იქნება, თუმცა, იქნებ ის მაინც გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტის ფულით ყოველთვიურად მაღალ ხელფასებს, მხოლოდ იმისთვის არ გიხდით, რომ უბრალოდ თბილ კაბინეტებში ისხდეთ და მობილურ ტელეფონებში სასურველ და არასასურველ ნომრებს ალაგებდეთ.