გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა მიიღო. დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო. აღნიშნულის შემდეგ, ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს 5000-5000-ლარიანი სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც დაცვის მხარე განმარტავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ასევე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, დაკავებულებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი უნდა შეცვლოდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა და განმარტა, რომ ისინი დაკავებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინააღმდეგი არ არიან, ვინაიდან ისინი ბრალს აღიარებენ, ამასთან, მტკიცებულებებს უდაოდ ცნობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share