რამდენით გაძვირდება კვერცხი და ფრინველის ხორცი?

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულება 7-10%-მდე გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, იმპორტირებულ საკვებსა და შესაფუთ მასალებზე გაზრდილმა ფასმა, მეორე მხრივ კი, წლის დასაწყისიდან, ქართული წარმოებისთვის არსებული ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდიაც შეწყეტამ განაპირობა.

ის ამბობს, რომ ფასების ზრდაზე გადაწყვეტილებას სექტორი, სავარაუდოდ, თებრვლის დასაწყისში მას შემდეგ მიიღებს, რაც ხარჯების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ექნება.

“გაზრდილი ფასით ვიძენთ შესაფუთ მასალას, საკვებს… ეს საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებას 7-10%-ით მაინც ზრდის, მაგრამ შევეცდებით, ფასის მომატება დავაბალანსოთ; ხვალიდან თუ ერთი კვირის მერე ვუმატებთ ფასს – საკითხი ასე არ დგას, მაგრამ თვითღირრბულება გაგვეზრდება და იქიდან გამომდინარე თუ რამდენი იქნება ზრდა, გამოჩდება ფასის მომატების თემაც და მოცულობაც”, – განმარტავს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ფასის ზრდაზე მედიასთან საუბარს ერიდებიან კომპანიების წარმომადგენლები. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექტორი მოლოდინის რეჟიმშია და გადაწყვეტილებები 1-2 კვირიან პერიოდში იქნება მიღებული.

“ქათმის საკვებზე რომელიც ადგილზე არ იწარმოება, ფასი გაიზარდა 50-60%-ით, ამიტომწარმოებული პროდუქციის თვითღირებულება იმატებს და საბოლოო ფასმაც უნდა მოიმატოს, სხვანაირად მინუსებში მივდივართ”, – ამბობს კომპანია “პასტერის” ხელმძღვანელი მირიან ჭიტაძე.

2021 წელს პროდუქციის თვითღირებულება 25%-ით გაეზარდა კომპანია “ჩირინას”, სადაც აცხადებენ, რომ გასაყიდ ნაწარმზე ფასმა მხოლოდ 12%-ით მოიმატა. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ არსებული მარაგების გათვალისწინებით, „ბიუ-ბიუს” ნაწარმზე უახლოეს თვეებში ფასი შენარჩუნდება.

“სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი და ფრინველის ხორცი, გათავისუფლებულიყვნენ დღგ-ის გადასახადისგან, ეს მისაღები იქნებოდა მოსახლეობისათვის, რადგან ნაკლები გავლენა ექნებოდა ინფლაციურ პროცესებს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღოს, თან რაც შეიძლება მალე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ფასი არ გავზარდოთ და მაქსიმალურად ვეცდებით შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ხდება კომპანიის რესურსების ხარჯზე”, – ამბობს კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.

ცხოველთა საკვებზე ფასების ზრდას ადასტურებენ კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანია “ნუტრიმაქსში,” სადაც ამბობენ, რომ ცუდი მოსავლის და ჭარბი მარაგების შექმნის გამო მიწოდების არხების გადატვირთვამ საკვებზე ფასი 2021 წელს 40%-მდე გაზარდა. კომპანიის დირექტორი ბექა ბექაია ამბობს, რომ ვითარება დღემდე არასტაბილურია, რაც ფასების კლების მოლოდინს ამ ეტაპზე არ აჩენს.

წყარო : ბიზნეს მედია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share