”ერთადერთი ნამდვილი “გიჟი”, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკას ჰყავს, უფრო სწორად ჰყავდა, ტრამპია”

”პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან. მათი რეაქციები რუსულ ბლეფზე ცნობილია. ჭადრაკს მხოლოდ ჩინეთი თამაშობს. მას ამისათვის დროც აქვს და რაც მთავარია, მოთმინების განუსაზღვრელი სხვა რესურსებიც” – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაზე ქართველი ექიმი და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ,  დღეს არსებულ გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
”ერთადერთი ნამდვილი “გიჟი”, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკას ჰყავს, უფრო სწორად ჰყავდა, ტრამპია. იმიტომ აღდგა მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ. ტრამპი არ მიეკუთვნება პოლიტიკის არცერთ კლასიკურ სკოლას; შესაბამისად მისი გათვლა და წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო როგორც პოლიტიკოსებისათვის, ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი საიდუმლო სამსახურებისათვის. ამიტომ ყველა ცდილობდა, რომ მკვეთრი მანევრები არ გაეკეთებინათ, ვინაიდან ამერიკის რეაქციის გათვლა არ შეეძლოთ და მსოფლიო დროებით დასტაბილურდა.
ბაიდენი, ბლინკენი, ბარნსი – გაჭრილი კარტებია. საკმარისია მათი ბიოგრაფიების, მემუარების, ჩანაწერების გადახედვა; მათი პოლიტიკური გზის გაანალიზება და მარტივად გამოითვლი მათი მოქმედების მიმართულებასაც და დიაპაზონსაც. ასევეა ევროპისა თუ აზიის სხვა მნიშვნელოვანი ლიდერებიც.
როდესაც რუსეთი ჰიბრიდული ომების ტაქტიკაზე გადავიდა, ამას ჰქონდა თავისი ფუნდამენტური მიზეზი. მასიური საომარი თეატრების მართვა რუსულ ტექნოლოგიებს აღარ შეეძლო. ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც 2008 წელს, საქართველოსთან ხუთდღიან ომში. სამაგიეროდ ბრწყინვალე სპეცოპერაცია ჩატარდა ყირიმში, სადაც მცირერიცხოვანმა სპეციალურმა დესანტმა უკრაინას ცხვირწინ აართვა უზარმაზარი სტრატეგიული ტერიტორია. ამერიკისა და ევროპის იმჟამინდელი ლიდერები კი სპეცოპერაციის დამთავრებამდე “მსჯელობდნენ” თუ ვინ იყვნენ ე.წ. “მწვანე კაცები”. ყირიმმა ყველაზე ნათლად წარმოაჩინა საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკური, სამხედრო და სტრატეგიული იდიოტიზმი.
ჰიბრიდული ომი წარმოადგენს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და რაც მთავარია ფსიქოლოგიური დივერსიების კონგლომერატს. შეუზღუდავი დაფინანსება, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, ყოველგვარი პოლიტიკური ბერკეტების გადალახვის საჭიროებების გარეშე, ქმნის იმ მოქნილ ვერტიკალს, რომელიც ასეთი ომების საწარმოებლად ყველაზე მოსახერხებელია ისეთ ქვეყნებთან, სადაც სპეცოპერაციების ტაქტიკა, დაფინანსება და ნებართვა არაერთმა პოლიტიკურმა რგოლმა უნდა დაამტკიცოს, რაც ყველა სხვა სირთულესთან ერთად, დროში გაწელილი პროცესია.
რატომ და რა მიზეზის გამო უნდა გამოვიდეს პუტინი დღეს ჰიბრიდული ომის ტაქტიკიდან? რა საფუძველი არსებობს ამისათვის?
არავითარი
პოკერის მაგიდასთან ბოლომდე გაშიფრული პარტნიორები სხედან. მათი რეაქციები რუსულ ბლეფზე ცნობილია. ჭადრაკს მხოლოდ ჩინეთი თამაშობს. მას ამისათვის დროც აქვს და რაც მთავარია, მოთმინების განუსაზღვრელი სხვა რესურსებიც. ჩინეთმა მხოლოდ 4 წლით დაკარგა წონასწორობა, როდესაც წინ გაუთვლელი მეტოქე დაუჯდა ტრამპის სახით. ის სტრატეგიულად სწორად მოიქცა და არცერთი მკვეთრი მანევრი არ გაუკეთებია; სამაგიეროდ ყველაფერი ჩადო უხერხული მეტოქის მოცილების მცდელობაში.
მომავლის განჭვრეტის ყველაზე ეფექტური მცდელობა წარსულის გაანალიზებაა. რატომ?
იმიტომ რომ წარსულსაც და მომავალსაც ადამიანთა ქცევა ქმნის და ადამიანის ქვეცნობიერი და ცნობიერის ფსიქოლოგიური ნიუანსები კი უნივერსალურად სტაბილურია დასაბამიდან.” – წერს ზურაბ გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share