“ძალიან განათლებული კაცია..სახელმწიფო ააშენა..დემოკრატიული სახელმწიფო შექმნა” – ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილზე

რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილზე ვარდების რევოლუციის შემდეგ. გთავაზობთ ნაწყვეტს თომა ჩაგელიშვილის ინტერვიუდან:

“კარგად იცნობს მსოფლიოს. მე არ ვიცი კიევში დაამთავრა ნიუ-იორკში სწავლობდა თუ ჰარვარდში და სხვაგან და სხვაგან, განათლებული კაცია,ძალიან განათლებული. გამოცდილება აკლდა.

სხვათა შორის, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი ავტორი ის არის. მართალია, მაშინ ლადო ჭანტურია იყო,უჭკვიანესი კაცი, ძალიან  გამოცდილი და ერთად ატარებდნენ რეფორმებს. მე არ ვიცი , რომელმა მეტი გააკეთა და რომელმა ნაკლები, მაგრამ ერთმანეთს ავსებდნენ და ზომიერად ჩატარდა ყველაფერი. გახსოვთ რომელიმე მოსამართლე, რომელიც უმუშევარი დარჩა და გაასაჩივრა? არავინ. ბრწყინვალედ ჩატარდა  ეს რეფორმა.

მერე იქ აღარ მოინდომა დარჩენა და გადმოვიდა საკრებულოში. აქაც ნორმალურად მუშაობდა. მერე დეპუტატობა მოიწადინა და პირველი მე ვთქვი, საბურთალოზე ვიყავით და აი ეს არის ჩემი კანდიდატი მეთქი. და აირჩიეს კიდეც. მაგრამ ეს არ არის საკმარისი,ცხოვრებამ უნდა გასწავლოს, ხანდახან უნდა წაიბორძიკო კიდეც. მაგრამ ისე არა, რომ სულ ბორძიკ-ბორძიკში იყო.ერთხელ რომ წაიბორძიკებ,დასკვნა უნდა გამოიტანო. მემგონი მას აქვს იმდენი ჭკუა, გონება, ინტელექტი, რომ ამას ის შესძლებს. ძალიან მინდა, რომ მჯეროდეს.

ზოგჯერ მათ ჰგონიათ, რომ თუ რამე ცუდი მოხდება, მე მიხარია. მე უნდა ვიყო ჩემი ხალხის მტერი და ჩემი შვილების მტერი , რომ ეს ასე იყოს.

ყველა მათი წარმატება ჩემი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა არ მიმიღია არაფერში. ყველა მათი წაბორძიკება,ჩემი შეცდომა და დანაშაულიცაა.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მდგომარეობა დღეს , ბევრად საიმედოა, ვიდრე ოდესმე. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგულია, მაგრამ  სახელმწიფო აშენდა. დემოკრატიული სახელმწიფო შეიქმნა.” – ამბობდა ედუარდ შევარდნაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share