ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში N3 საჯარო სკოლის, სოფელ ლესას და სოფელ გულიანის საჯარო სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
რეაბილიტაციამდე სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობენ და კეთილმოწყობილ გარემოში სწავლობენ.
 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სკოლებში შესაძლებელია 1000-ზე მეტი ბავშვის მიღება. ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა მინიმუმ 500 ბავშვზეა გათვლილი, ლესას საჯარო სკოლა – 300 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ გულიანის საჯარო სკოლა – 300 მოსწავლეზე.
 განახლებული სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
 განახლებული სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
 პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 8.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share