მიხეილ სააკაშვილის განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა და ეს შესაძლებელია – უკრაინა მზადაა, იმოქმედოს, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა უარესდება.
როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, უკრაინა მოუთმენლად ელის დიალოგის გაგრძელებას და გარკვეული შედეგის მიღწევას.
“დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი საათით შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, გამყოფ შუშასთან, სატელეფონო ყურმილის დახმარებით. განვიცდი და ძალიან ძნელია ჩემთვის, რადგან ვხედავ, რომ ყოველ შეხვედრაზე მისი ფიზიკური მდგომარეობა უარესდება. და მე მესმის, რომ ისინი ვინც მას ხედავენ ამბობენ, რომ ის კარგად უმკლავდება ყველაფერს ხალისიანი განწყობით, მაგრამ მე ხომ ვხედავ დიდ განსხვავებას იმას შორის თუ როგორ იყო ის პირველი კვირების განმავლობაში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ისეთია, რომ რთულია რაიმე სახის დიალოგის წარმართვა. ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის მძიმეა, იმიტომ, რომ მჯერა, რომ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კომუნიკაცია. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განკურნებისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა და ეს შესაძლებელია. უკრაინა მზადაა, იმოქმედოს როგორც გარანტმა, თუ რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო და ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული მხარის მიერ ამის გაგებას, დიალოგის გაგრძელებას და გარკვეული შედეგის მიღწევას, რომ მოვახერხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება”, – აღნიშნა იასკომ.