აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება.
„თუ რუსეთი შეიჭრება, რაც ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარისკაცები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ“, – განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კითხვაზე, თუ როგორ გააკეთებენ ამას, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს გერმანია აკონტროლებს, ბაიდენმა უპასუხა: „გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ“.
რაც შეეხება ოლაფ შოლცს, აშშ-ში ვიზიტის დროს მას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საჯაროდ არ უხსენებია, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ერთნაირი მიდგომა აქვთ უკრაინის, რუსეთისა და სანქციების მიმართ.
“ჩვენ ვიქნებით ერთიანები. ჩვენ ვიმოქმედებთ ერთად და გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.