ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩოხატაურსა და ოზურგეთში ჩატარდა

მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს ჩოხატაურსა და ოზურგეთში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში  გაიმართა.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა.  პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგლა სიხარულიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები, გარემოსდაცვითი საკითხები და სოციალური პროგრამა კი, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ მიმოიხილა.

ჩოხატაურში საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ მამალაძე, საკრებულოს წევრები, მერიის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის  წარმომადგენლები, ასევე ჩოხატაურის და განსაკუთრებით საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წევრებიც.

ჩოხატაურში გამართულ საჯარო განხილვაზე დამსწრე საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღინიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც კომპანიის მიერ ჩატარდა ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო წლის დასაწყისში არსებული მოსაზრებების და განწყობების ცვლილების კონტექსტში. კვლევები, რომელიც კომპანიამ განახორციელა საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართულობით, პროექტის ტექნიკური პარამეტრების და მისი ადგილმდებარეობის ცვლილება, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის პროექტის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო განხილვა დაგეგმილ დროს, 16:30 საათზე დაიწყო. განხილვას ესწრებოდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერიის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები, ოზურგეთის და განსაკუთრებით პროექტის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა მათ შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგები.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა, რომ კომპანიამ დიდი შრომა გასწია მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მუშაობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით, რათა არსებული საჭიროებების მიხედვით შექმნილიყო სოციალური პროგრამა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პროექტში შეიცვალა და გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, მნიშვნელოვნად შემცირდა შეგუბების ფართობი, უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს.

საჯარო განხილვაზე დამსწრე მთისპირის თემის სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტს.

აქვე გაცნობებთ 11 თებერვალს  დაგეგმილი საჯარო განხილვების განრიგს:

10:30  საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

16:30 საათი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ადმინისტრაციული შენობა

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share