ორბელიანების სასახლეში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:
პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილია. საჭიროა, დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზეც, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამის მიზეზი, სწორედ წარსულშია მოსაძებნი -“დავფიქრდეთ რატომ ხდება ის რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ” – მიმართა ზურაბიშვილმა შეკრებილ სტუმრებს.
პრეზიდენტის თვლის, რომ მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი და რომ საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია:
“ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს, მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი.
საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ” –ამბობს ზურაბიშვილი.
მან დღეს ეროვნული თანხმობის პროცესის მონაწილეებს ახალი სივრცე შესთავაზა:
“მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია.” ამბობს ზურაბიშვილი და მიმდინარე პროცესში, ლანძღვა-გინებას კრძალავს:
“იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ.” განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, როგორია მათი ხედვა, რას ელოდებიან სახელმწიფოსგან. მისივე თქმით, პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტი განმარტავს ქალების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას და ამბობს, რომ ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია:
“ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი.მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება.
ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია!
ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს!” აცხადებს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება და საზოგადოების მოთხოვნები პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტამდე მიიტანოს:
“მე როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება: რა არის ის პუნქტები, რომელზეც ვთანხმდებით როგორც პრინციპებზე – რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა.
ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია” ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.