საგანგებო სხდომა კრემლში – პუტინი ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.კრემლში შეხვედრას რუსეთის უმაღლესი სამთავრობო თანამდებობების პირები ესწრებოდნენ და ისინი მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. ჯერჯერობით შეხვედრის ზუსტი დრო უცნობია.

„მე მსურს ახლა პირადად თქვენგან მოვისმინო მოსაზრებები და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება,“- თქვა პუტინმა რამდენიმე წუთის წინ ეთერით გასულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პურინტს  თხოვნით  მიმართეს, რომ აღიაროს ამ  ტერიტორიების დამოუკიდებლობა, რომლებზე კონტროლი კიევმა 2014 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაკარგა. ანალოგიური წინადადებით მანამდე პუტინს რუსეთის პარლამენტმა მიმართა.

დონეცკის და ლუგანსკის ლიდერების მიმართვები სინქრონულად გავრცელდა, ისევე როგორც გასულ კვირას პუშილინის და პასეჩნიკის განცხადებები ქალების და ბავშვების რუსეთში ევაკუაციის, შაბათს კი მამაკაცების სამხედრო მობილიზაციის შესახებ.

“საერთაშორისო სამართალსუბიექტობის განსაზღვრის მიზნით, ასევე უკრაინის ხელისუფლების სამხედრო აგრესიისთვის სრულფასოვანი წინააღმდეგობის  გასაწევად, იმისათვის, რომ არ დავუშვათ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის ობიექტების და საცხოვრებელი ფონდის განადგურება, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის სახელით გთხოვთ აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო“– განაცხადა პუშილინმა ტელეარხ რასია24–ის ეთერში.

იგივე ფორმულირებები აქვს პასეჩნიკს – “რათა არ დავუშვათ რესპუბლიკის მაცხოვრებელთა მსობრივი დაღუპვა“. ორივე თხოვს პუტინს არა მხოლოდ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არამედ რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განხილვას.

ამ განცხადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე რუბლის კურსმა, რომელიც დღეს ისედაც დაცემული იყო, ვარდნა დააჩქარა და დოლარი რუბლთან მიმართებაში 79 რუბზე მაღალ ნიშნულზე ავიდა, რაც 27 იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share