“მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო”

მოლაპარაკების დრო დასრულდა, ჩემს სახელმწიფოში ომი დაიწყო – თავიდანვე გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა – ეს არის ნამდვილი ომი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც დოლგოვმა აღნიშნა, არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, საერთაშორისო ნორმები დაარღვიოს და შეიარაღებული აგრესია განახორციელოს.

 

„დღეს დილით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია აგრესიის აქტი უკრაინის, ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საკუთარი გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გაეროს წესდების ბევრი დებულება, ასევე ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები რუსეთსა და უკრაინას შორის და ასევე ჰელსინკის დასკვნითი აქტი. დღეს დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში. იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი და არ არის პატივისცემა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

მოგახსენებთ იმ პირობების შესახებ, რომელიც გახდა კრემლის ფატალური გადაწყვეტილებების წინაპირობები: მოსკოვმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დამოუკიდებლობა. ეს იყოს გაკეთებული კრემლში მომზადებული სცენარის მიხედვით და ეს ყველასთვის გასაგებია. თავდაპირველად რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, აღიაროს უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილები. ამის შემდეგ მოსკოვში გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელშიც პრეზიდენტ პუტინს მისცეს რეკომენდაცია, აღიაროს კვაზი წარმონაქმნების დამოუკიდებლობა. შემდეგ კრემლში მოხდა აქტი, ეს იყო შეთანხმების ხელმოწერა, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. სანამ მოსკოვში ეს ამბები ხდებოდა, მთელი მსოფლიო ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის წარმოებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზით. დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ 24 თებერვალს შეხვედრა უნდა გამართულიყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის. შეთანხმებული იყო, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართებოდა სამიტი რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. პარალელურად ხდებოდა პუტინის ნამდვილი სცენარის შემუშავება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პუტინმა გამოაცხადა ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა მოსახლეობის სიცოცხლისა და მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფას. ეს გადაწყვეტილება იმ დროს იყო მიღებული, როდესაც ნიუ იორკში იმართებოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა, რადგან ხედავდა სადამდე მიგვიყვანდა ეს ყველა მოვლენა. მოლაპარაკების დრო დასრულდა – ჩემს სახელმწიფოში დაიწყო ომი. ჩვენ დაჟინებით ვახორციელებდით მუშაობას, რომ ყველანაირი საკითხი ცივილიზებული, პოლიტიკის და დიპლომატიის გზით გადაგვეწყვიტა. სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს, თავის თავს აძლევს საშუალებას და ნებას, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები და განახორციელოს შეიარაღებული აგრესია. თავიდანვე, დილის 5 საათიდან გასაგები გახდა, რომ ეს არ არის სამშვიდობო ოპერაცია, როგორც ეს პუტინს უნდოდა ყველასთვის ეჩვენებინა და ეს არის ნამდვილი ომი“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share