ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მათ ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და რუსული ძალების კონტროლის ქვეშ ქალაქების გადაცემისთვის ნიადაგის მომზადება.
გამოცემის ინფორმაცით, ვაგნერის ჯგუფს, დაქირავებულ მებრძოლებს, მართავს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე. მან ხუთი კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკიდან კიევში “ზელენსკის თავის მოსაკვეთად” და მათ დიდ ფულად პრემიას დაჰპირდა.
მათივე ცნობით, ვაგნერის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შეიტყო. ამის შემდეგ კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა დედაქალაქი დივერსანტებისგან გაეწმინდათ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მოქალაქეები რომ ქუჩაში არ გამოსულიყვნენ.
რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელთაც ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.
ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები 2021 წლის დეკემბერში დაუწესა.
ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.