სულ მალე 1 ლიტრი “რეგულარის” ფასი 3.50 ლარს მიაღწევს

მსოფლიოში ნავთობის ფასი ყოველდღიურად მატულობს და უახლოეს მომავალში შესაძლოა, მკვეთრი ცვლილება განიცადოს. უკრაინაში დაწყებულმა ომმა სიტუაცია ყველა მიმართულებით დაძაბა. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი გამუდმებთ მატულობს, ქვეყანაში ლარი უფასურდება. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტთა მოლოდინი უკიდურესად პესიმისტურია და პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდება, შესაძლოა, 20-25 თეთრითაც კი.  

საერთაშორისო ბაზრებზე “ბრენტის” ტიპის ნავთობის ღირებულებამ 111 დოლარს მიაღწია. გაძვირების ტრენდი, ბოლო ხანებში, შეუქცევადია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შავი ოქრო ომის დაწყებამდეც ძვირდებოდა, თუმცა რუსეთის აგრესიულმა ფართომასშტაბიანმა ქმედებებმა სიტუაცია მეტად დაძაბა. ამის გამო, გამყარებული ქართული ვალუტა მკვეთრად გაუფარესდა და უკვე დღეს 1 ამერიკული დოლარს ღირებულება 3,24 ლარს შეადგენს.

ძალიან არასახარბიელო პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს. ნავთბობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთავრალაშვილი ხაზს უსვამს, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, რადგან წლის დასაწყისიდან ნავთობი ისედაც ძვირდებოდა და ომმა მისი ღირებულება ნახტომისებურად გაზარდა.

`სიტუაცია არის უკიდურესად რთული. წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი ისედაც მუდმივად ძვირდებოდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მოთხოვნილის ზრდაზე. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, რაც დამატებითი ფაქტორი გახდა, ფასის ნახტომისებური ზრდისთვის. 1 ბარელი ნავთობი 110-დოლარიან ნიშნულს გადასცდა და ეს სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია.

რუსეთი არის ნავთობის სიდიდით მეორე მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა. მართალია, ჯერჯერობით, მის მიმართ, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით სანქციები არ არის დაწესებული, მაგრამ არის საკმაოდ პესიმისტური მოლოდინი, რომ ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტის მიწოდება შეფერხდეს. თუნდაც ის ფაქტი, რომ კანადამ უარი განაცხადა რუსული ნავთობის იმპორტზე და ამ საკითხს ამერიკაც განიხილავს. ხვალ და ზეგ ევროკავშირის ქვეყნების რას იზამენ, რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ასეთი მოლოდინი არსებობს.

სწორეგ ეს არის ძირითადი განმაპირობებლი ფაქტორები იმისა, რომ დღეს ნავთობზე მაღალი ფასებია. ვითარება შეიძლება რაღაცნაირად დააბალანსოს იმან, თუკი ირანული ნავთობი ბაზარზე დაბრუნდება, მაგრამ ეს როდის მოხდება, ჯერ არავინ იცის, ამიტომ რთული ვითარებაა და პროგნოზიც პესიმისტურია.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთი მარაგებიდან შესაძლოა, 60 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიტანონ ბაზარზე. ეს მიმართულია იქითკენ, რომ ვითარება დასტაბილურდეს. ცალკე საკითხია, “ოპეკი პლუსი” რა გადაწყვეტილებას მიიღებს წარმოებსთან გაზრდასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, მძიმე სიტუაცია გვაქვს და მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, რომ ფასი როგორმე დაასტაბილურონ”, – განაცხადა  მთვარალაშვილმა და დასძინა, რომ ომამდე გაძვირებულმა ნავთობმა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებამდე არსებულმა რუსეთ-უკრაინის კრიზისმა, საქართველოში ფასები ზოგ შემთხვევაში 10 თეთრით, ზოგ შემთხვევაში კი 20-25 თეთრით გაზრდა. უშუალოდ ომის გავლენის შედეგს კი საქართველო აწი იგრძნობს და საცალო ქსელში დამატებით ფასთა ცვლილებასაც გამოიწვევს.

“რაც შეეხება საქართველოს, ლარი კურსი როდესაც იყო 3.0-იან ნიშნულზე, მაშინ, იმ პერიოდში, ამან დადებითი როლი ითამაშა და საწვავის გაძვირება შეჩერდა. დღეს ვხედავთ, რომ გაცვლითი კურსი 3.24-ია, რაც დამატებითი უარყოფითი ფაქტორია, ამიტომ ოპტიმისტური მოლოდინი ვერ გვექნება. ფაქტიურად გამორიცხულია, რომ ფასები დასტაბილუტდეს.

წლის დასაწყისში, არაბრენდირებულები საწვავს 2.70-2.75 ლარში ყიდდნენ ბენზინს, დღეს უკვე არის 3.00 ლარი, ანუ მათ 24 თეთრით ფასი უკვე მოუმატეს. რაც შეეხება ბრენდირებულებს, მათ პროდუქტი 10 თეთრით გააძვირეს. თმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ომის გამო არ მომხდარა. საერთაშორისო ბაზარზე ფასი ისედაც მატულობდა, ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის კრიზისის ამბები (სანამ ომი დაიწყებოდა) და ზემოთ ნახსენები ზრდა ამის შედეგია. ომის თემა კი ცალკე მომენტია, რაც ფასებზე შემდეგ იმოქმედებს”, – დასძინა  ვანო მთვრალაშვილმა.

იმპორტდამოკიდებულების გამო, ქვეყანა ახლა დიდ საფრთხეშია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გააგრძელებს რუსეთი აგრსიულ ქმედებებს, თუმცა 1-2-კვირიანი ომი თავის კვალს მაინც დატოვებს. კომპანია “სენტა პეტროლიურის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელი გაძვირება მალე რეალობად იქცევა და არ არის გამორიცხული, რომ ზრდამ 20-25 თეთრი შეადგინოს.

“ის ამბავი, რაც საერთაშორისო ბაზარზე ხდება, მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია. ძალიან დიდი მასშტაბისაა მატება და ეს იგრძობა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა. ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – ლარის კურსის გაუფასურება. ეს ორი ძირითადი მომენტი გავლენას ახდენს ფასების ცვლილებაზე. ამ შემთხვევაში ორივე განმაპირობებელია იმისა, რომ ქვეყანაში საწვავის ფასმა მოიმატოს.

მოსალონელი პროგნოზები საკმაოდ არასახარბიელოა. შეიძლება რამდენიმე დღეში საცალო ქსელში ფასმა კიდევ 20-25 თეთრი მოიმატოს.

`ამჟამად საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 3.00-3.05 ლარი ღირს, მაგრამ 2-3 დღეში კიდევ გაიზრდება და ამას, რა თქმა უნდა, მიჰყვება საცალო ფასიც. საბითუმო ბაზარზე გაძვირება უკვე მოხდა, რადგან ეს მიმართულება მყისიერად რეაგირებს. ქვეყანაში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რა ვითარებაცაა, სწორედ ამან განაპირობა ცვლილება, გაძვირებით კუთხით”, – განაცხადა  იაკობიძემ.

შექმნილ მძიმე ვითარებაში ეკონომისტები და დარგის სპეციალისტები მთავრობას კონკრეტულ რჩევას სთავაზობენ, რომელიც ისევ და ისევ გადასახადებს უკავშირდება. ოპტიმალური გამოსავალი აქციზის გადასახადის თავდაპირველ ნიშნულზე – 250 ლარზე დაბრუნებაა. ამ მიდგომის სასიკეთო მხარეებზე სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა მთავრობის მხრიდან ნაბიჯი არ გადადგმულა. ამასობაში კი სულ მალ 1 ლიტრი “რეგულარის” ფასი 3.50 ლარს მიაღწევს.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share