უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში NATO-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, არ გამოცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად. უკრაინა NATO-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.
„დღეს შედგა ნატოს სამიტი. სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა არ თვლის ნომერ პირველ მიზანად. ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სამსახურმა კარგად იცის რუსეთის გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, ჩვენ ვხედავთ მძიმე ომს. ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ ასე გააგრძელონ. იცოდა რა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, NATO-მ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის ცის დახურვა რუსეთის პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს NATO-ს წინააღმდეგ.
„ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდით იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება, მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ალიანსმა უკრაინისთვის რაც შეძლო, ესაა 50 ტონა დიზელის საწვავის შესყიდვა.
„როგორც ჩანს, იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა, ასეთი ნატო გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, რადგან უარი თქვა არასაფრენი ზონის შემოღებაზე…
ლიტრობით საწვავით ვერ გამოისწყიდით ჩვენს ერთ ლიტრ სისხლს, დაღვრილს ჩვენი საერთო ევროპისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.