გაეროს ცნობით, ომის შედეგად უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ლტოლვითა რაოდენობის ყველაზე სწრაფი ზრდა შეინიშნება.
“1.5 მილიონზე მეტი ლტოლვილი უკრაინიდან 10 დღეში გადავიდა მეზობელ ქვეყნებში – ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი”. – წერს Twitter-ზე ფილიპო გრანდი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.