„აგარის შაქარი“ – მიწოდების ჯაჭვში მცირედი პრობლემებია… მაგრამ პროდუქციის ნაშთი გვაქვს

„აგარის შაქრის“ ქარხანამ მარტის თვიდან დაიწყო გეგმიური რემონტი და აპრილის თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება – ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს” ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

შაქრის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში პირველადი დანიშნულების პროდუქტის პანიკური შესყიდვები დაიწყო და დახლებიდან გუშინ, შაქარი პრაქტიკულად გაქრა.

ქარხანაში ამბობენ, რომ მიწოდების ჯაჭვში ლოჯისტიური პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„მიწოდების ჯაჭვში მცირედი პრობლემებია, ისიც ლოჯისტიკური საკითხებიდან გამომდინარე. ქვეყანაში პანიკური შესყიდვები მიმდინარეობს, მაგრამ პანიკის საფუძველი არაა, პროდუქციის ნაშთი გვაქვს და დამატებით მარაგების გაზრდისთვის აზერბაიჯანიდან იმპორტს ვანხორციელებთ, სანამ ქარხანა მუშაობას დაიწყებს. ქართული შაქრის წარმოებისთვის ნედლეული შეკვეთილია, გემი გზაშია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვთხოვ, პანიკას ნუ დათესავენ”, – აცხადებენ საწარმოში.

მათივე ინფორმაციით, ქარხნის წარმადობა დღე-ღამეში 400-500 ტონაა.

ინფორმაციისთვის, ნედლეული საქართველოში დამზადებული შაქრისთვის ბრაზილიიდან შემოდის. ბრაზილიაა ლიდერი 2021 წელს მზა პროდუქტის, შაქრის იმპორტშიც, საიდანაც გასულ წელს 57 875 ტონა (28,201 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა. უკრაინა და რუსეთი შაქრის იმპორტის კუთხით ათეულში არ ხვდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share