ქართველი აგენტების “დაშიფრული” სიყვარული

“მომხიბვლელი მარიამის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფრანკოს ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, ესპანეთის, მაროკოს მმართველები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები”

 

მანუელ ჰერერა 2013 წელს საქა­რთველოში ჩამოვიდა. სამხრეთამერიკელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლის ანდერძის თანახმად, პატარა ყუთი და დოკუმენტები ჩამოიტანა, ქართველი ემიგრანტის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილის, მარიამ კერესელიძის მეუღლე იყო. მარიამის შესახებ ინფორმაცია მწირია, ისტორ­ი­კო­სი, ტელედოკუმენტალისტი ბესო გაფრინდაშვილი რამდენიმე წელი იკვლევდა მარიამის ისტორიას, რომელსაც მასზე უგონოდ შეყვარებული”პავლე ჯორჯაძის, იმავე “შახოვსკის” კა-გე-ბესთვის განკუთვნილ

მოხსენებებში მიაგნო. როგორია დაკარგული ქართველი ქალის ამბავი და რატომ ნადირობდა მასზე რამდენიმე ქვეყნის უშიშროება, ბესო გაფრინდაშვილი­ მოგითხრობთ:


უშიშროების არქივიდან

1990-იან წლებში, როდესაც უშიშროების არქივები გაიხსნა, სწორედ მათში აღმოჩნდაპავლე ჯორჯაძის (“შახოვსკის”) ჩვენება, საიდანაც ვიგებთ მარიამ კერესელიძის შესახებ. საბჭოთა სპეცსამსახურების გადაბირებულ ჯორჯაძეს დავალებული ჰქონდა ანტისაბჭოთა ქართულ

ემიგრაციაში შეღწევა და ლიდერების განადგურება…

მარიამმა განათლება რომში მიიღო, შემდეგ მშობლებთან (მარიამის მამა, ლეო კერესელიძე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ხელმძღვანელი იყო) ერთად ჩრდილოეთ მაროკოში, ქალაქ ტანჟერში ჩავიდა. პავლე ჯორჯაძის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის დასაწყისიდან, ანუ ტანჟერში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა. ქართული ემიგრაციის ნაწილი ფიქრობდა, რომ გერმანიის საშუალებით მოახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. მომხიბვლელი მარიამის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ ფრანკოს ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, ესპანეთის, მაროკოს მმართველები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები.

პატარა მარიამი

ფოტო: პატარა მარიამი
fb
მარიამის სადაზვერვო საქმიანობას ხელს უწყობდა ისიც, რომ მან კარგად იცოდა იტალიური, ინგლისური, ესპანური, გერმანული და არაბულიც კი, ქართული კი მამამ პარიზში ბავშვობაშივე ასწავლა. ერთ-ერთ წერილში, რომელსაც მარიამი მამიდას სწერს, ვკითხულობთ: “როცა პატარა ვიყავი, ქართულად ლექსებს ვწერდი და ფანდურზე ვმღეროდი. უკვე 14 წელიწადი გავიდა, უკანასკნელად რომ ველაპარაკე ქართველ ადამიანს. ახლა 38 წლის ვარ, ყოველდღე მავიწყდება მშობლიური ენა და ამის გამო მიკვდება გული. 11 წელია, ქართული წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ვკითხულობ და ყოველდღე ჩემს თავს ქართულად ველაპარაკები…”
პავლე ჯორჯაძის ანგარიშიდან ჩანს, რომ მარიამის ინფორმაციით, გერმანული ავიაცია სამი წლის განმავლობაში ბომბავდა გიბრალტარში განლაგებულ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზას.

მარიამი გამორჩეულად კარგი ცხენოსანი იყო

ფოტო: მარიამი გამორჩეულად კარგი ცხენოსანი იყო
fb
არსებობს ვერსიაც, რომ ის პლაჟზე აღმოსავლური სამოსით დადიოდა, რადგან ვერავინ იღებდა ეჭვს, რომ შეიძლებოდა აგენტი ყოფილიყო, აკვირდებოდა გემების გადაადგილებას და ინფორმაციას გერმანელებს­ აწვდიდა. დოკუმენტებშია მოთხრობილი, რომ მარიამმა ტანჟერში ჩაშალა ამერიკელებისა და პორტუგალიელების დიპლომატიური შეხვედრა…
გერმანელების დამარცხების შემდეგ მარიამი ქართველ ჯარისკაცებთან (რომელთა ხელმძღვანელი ფრიდონ წულუკიძე იყო) ერთად იტალიაში ჩავიდა და პარტიზანებს შეუერთდა. მოგვიანებით კი მამიდას სწერს, დამიჭირეს და ძლივს გადავურჩი სიკვდილსო. რაშიც ფრიდონ წულუკიძეს სდებს ბრალს, მან ჩამაბარა თავის ხელით გერმანელებსო, საბედნიეროდ, ქართველი ესესელების დახმარებით”მარიამი გაქცევას ახერხებს…

ომის დამთავრების შემდეგ ის იტა­ლიაში­ რჩება, მაგრამ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ევროპის ბევრ ქვეყანაში ფაშისტური გერმანიის მომხრე პოლიტიკურ ემიგრანტებს დევნიდა, მარიამ კერესელიძე იძულებული გახდა სამხრეთ ამერიკაში წასულიყო, ასე დამკვიდრდა პერუში, სადაც ლექციებს ლიმას უნივერსიტეტში კითხულობდა.

“შახოვსკის” აღსარება

1943 წელს პავლე ჯორჯაძე იღებს დავალებას, ჩადის ბერლინში და გერმანელებს ჰბარდება. მან დაარწმუნა ისინი, რომ სანდო იყო. აქედან იწყება “შახოვსკისა” და მარიამის ურთიერთობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. ბოლოს მარიამი მიხვდა, ვინ იყო “შახოვსკი”, თუმცა მისი საიდუმლო არ გათქვა.
მარიამ კერესელიძის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა ისე დამთავრდა, რომ მისი ოჯახის წევრები ვერ ვიპოვეთ, ფილმის ჩვენების შემდეგ კი გამომეხმაურნენ “შახოვსკის” შვილები – საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას ცოლი შეურთავს. როგორც ჩანს, მარიამზე ფიქრი არ ასვენებდა, მაგრამ თავისი გრძნობების შესახებ ოფიციალურ ანგარიშში ვერაფერს იტყოდა, ამიტომ მოგვიანებით, სხვა გვარებით (გიორხელიძე, ნემიროვა) გამოსცა წიგნი “სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია”, სადაც კარგად ჩანს, რას გრძნობდა მარიამის მიმართ.

როგორც აღმოჩნდა, “შახოვსკის” მეუღლემაც იცოდა მარიამის შესახებ… 1992 წელს “შახოვსკი” 80 წლისა გარდაიცვალა.

ოცნება

მარიამი მეუღლესთან -მანუელ ჰერარასთან ერთად

ფოტო: მარიამი მეუღლესთან -მანუელ ჰერარასთან ერთად
fb
მარიამი ოცნებობდა საქართველოში ჩამოსვლაზე. მამიდას სწერდა: “იქნებ ერთხელ მაინც დავადგა ქართულ მიწას ფეხი. ვერ ვეგუები აქაურობას… მე ქართველად ვარ დაბადებული. თუნდაც მანდ გზის დამგები მუშა ვიყო, მირჩევნია, მანდ ვიყო…”
1972 წელს გამოგზავნა ბოლო წერილი. საქართველოდან წერილების გაგზავნა კი 1965 წელს შეწყდა – როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველ ემიგრანტებთან მიმოწერა გაამკაცრა. შვიდი წლის განმავლობაში მარიამი მაინც სწერდა მამიდას და სთხოვდა, ეპასუხა. იქნებ იფიქრა კიდეც, რომ აღარავის ახსოვდა, მაგრამ მის მამიდაშვილს, ლეო გლურჯიძეს ყველა წერილი შენახული ჰქონდა.
სიცოცხლის ბოლო წლები მარიამმა პარიზში, მეუღლესთან, მანუელ ჰერერასთან ერთად გაატარა. ის 2002 წელს, 82 წლისა გარდაიცვალა… ჩემს წიგნზე მუშაობისას ჰერერას წერილი მივწერე. ის კომუნისტია. მზად ვიყავი მასთან საფრანგეთში­ ჩასასვლელად, თუმცა არ ისურვა – ქართველებთან ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, მე მხოლოდ მარიამის ანდერძი შევასრულეო.
საქართველოში ჩამოსულ ჰერერას მეუღლის ფერფლი, მისი ანდერძის თანახმად, გორში, კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე უნდა მოებნია, მაგრამ სასაფლაო ვერ იპოვა. მერე ეკლესიაში მისულა, მაგრამ იქ უთქვამთ, კათოლიკეს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე ვერ დავასაფლავებთო, ამიტომ იძულებული გახდა, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაეფლო მარიამის ფერფლი. ჰერერამ ბოლო წერილში მომწერა, მეორე დღეს წვიმა მოვიდა და ქართულმა მიწამ მისი ნეშტი მიიღოო.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share