ჩერნიგოვში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან 5 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა ჩრდილოეთი ავრცელებს.
“ჩერნიგოვის რაიონში მოქმედმა ძალებმა თავიანთი ოსტატური ქმედებებით, დიდი მონდომების გამოვლენით, ურდოსგან 5 დასახლება გაათავისუფლეს.
რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფებს სრული ძალით არ შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების განხორციელება. ოფიცრებში პანიკაა […] ჯარისკაცების მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ უწყობს ხელს დავალებების შესრულებას. შედეგად, ჩვენ გვაქვს უკრაინის სახელმწიფო დროშები და ორი ჯავშანტრანსპორტი ჩერნიგოვის რეგიონის ჩვენს დასახლებებში”. – წერია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.